სამართალი
თბილისსა და ციურიხს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პირველ ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე შვეიცარული ავიაკომპანია „ედელვაისის“ აღმასრულებელ კომერციულ დირექტორს, პატრიკ ჰეიმანს შეხვდა, სადაც საუბრის თემა იყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და შვეიცარიას შორის.

საელჩოს ცნობით, შვეიცარული ავიაკომპანია დაინტერესებულია ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნით და დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით, პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში.

„შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე. რევაზ ლომინაძემ შვეიცარული ავიაკომპანიის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში არსებულ ვითარებასა და პოზიტიურ ტენდენციებზე. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ინვესტორთა მოზიდვასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.