სამართალი
კუდ-მა ფეხბურთელებსა და ტოტალიზატორებს შორის შუამავალი გაბედავა გაათავისუფლა
cixe_gabedavaროგორც საქინფორმმა მკითხველს ამასწინათ აცნობა, საქართველოს პროკურატურამ ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რამდენიმე ფეხბურთელი ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან კავშირის გამო ამხილა; ფეხბურთელები ჯერ დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს. პროკურატურისვე ცნობით, ფეხბურთელებთან ერთად დაკავებულ იქნა ე.წ. შუამავალი ტოტალიზატორებსა და მოთამაშეებს შორის დავით გაბედავა, რომელიც, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, „სამტრედიის“ ყოფილი ფეხბურთელია.
ფედერაციაში გაბედავას შესახებ ინფორმაციის უქონლობა თავიდანვე დაადასტურეს სფფ-ის წარმომადგენლებმა. არც ის დაუდასტურებიათ, რომ იგი ოდესმე ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ფაქტია, რომ გაბედავა თვითონაც გვარიანად ხეირობდა და „ზემოთაც“ ვიღაცებს „უკმაყოფილოს“ არ ტოვებდა. ამ ამბის შემდეგ აქტუალური გახდა კითხვა – საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, სადაც გუნდები მუდამ ფულსა და გადაადგილებაზე წუწუნებდნენ, როგორ შეიძლებოდა, ფსონი გაეკეთებინა ვიღაცას ე.წ. ცოცხალზე, როდესაც თავად ამ ქვეყანაში ეროვნული ჩემპიონატი სულ ღაფავს. მაშინვე დაირხა ხმა, რომ ეს კუდ-ის მორიგი შედევრი იყო.
სანდო წყაროზე დაყრდნობით საქინფორმს ასეთი ინფორმაცია აქვს: ქუთაისში „ტორპედო-ვიტ ჯორჯიას“ რიგით მეოთხე მატჩის მსვლელობისას მაყურებელთაგან ერთ-ერთი გულშემატკივარი ალაპარაკდა, თუ როგორ ურეკავდა დავით გაბედავა ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტან სევასტი თოდუას და სთავაზობდა აღნიშნულ გარიგებაში მონაწილეობას. როგორც ის ჰყვებოდა, თოდუას უარით გაუსტუმრებია გაბედავა და შემდეგ ტელეეთერით გაუგია ინფორმაცია ფეხბურთელების დაკავების შესახებ. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მათი დაკავება-გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში გაბედავას თოდუასთვის ისევ დაურეკავს და იგივე შეუთავაზებია. „სევამ“ (როგორც თოდუას უწოდებენ) აგინა და ტელეფონი გაუთიშა...
ფეხბურთელების გათავისუფლების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ტელეეთერიდან გვაჯერებდა – სპორტსმენების შემთხვევაში გამოძიებამ კეთილი ნება გამოიჩინაო. გაბედავა, რომელიც შუამავალი იყო და გამოძიებას მისი მეშვეობით „დიდი თევზიც“ უნდა დაეჭირა, ისევ გარეთ გამოუშვეს „სათევზაოდ“, რომ მის ანკესს კვლავ წამოგებოდა ვინმე.
საინტერესოა, რატომ „გააფუჭა“ კუდ-მა ახალგაზრდა ფეხბურთელები – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ ამბისადმი გამოჩენილი მკაცრი გადაწყვეტილებების გამო შელახული იმიჯის აღსადგენად თუ სხვა ფეხბურთელების დასაშინებლად?
ფაქტია, რომ გაბედავა გარეთაა და თავის მორიგ „მსხვერპლს ეძებს“.