პუბლიკაციები
რომეო მიქაუტაძე: ენერგეტიკა, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, არის ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ძლიერების მყარი საფუძველი

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ენერგეტიკის სექტორი არ არის მხოლოდ დარგი, რომელიც ქმნის კონტრიბუციას ეკონომიკაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და ძლიერების მყარი საფუძველია. ეს არის პრიორიტეტი, რომელიც მიზნად დაისახა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ცნობილია, ის რეფორმები თუ პროექტები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ენერგეტიკის სფეროში ახორციელებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ „ახალქალაქი ჰესების კასკადის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. განაცხადა მიქაუტაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყოველი ადამიანი, რომელიც ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, ისტორიულ როლს, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზე. მიქაუტაძემ ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მთავრობას და მოსახლეობას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ აღმოუჩინეს ინვესტორებს ახალქალაქი ჰესების კასკადის მშენებლობის პროცესში.

„იმის ფონზე, რომ, ჯერჯერობით, ელექტროენერგიის კუთხით დეფიციტური ქვეყანა ვართ, თითოეული მეგავატის მშენებლობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორის შემდგომი განვითარებისთვის, იმისთვის, რომ შევამციროთ იმპორტდამოკიდებულება და უფრო ავამაღლოთ ენერგოუსაფრთხოების ხარისხი“, – აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა განახლებადი ენერგიების წახალისების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და შიდა გენერაციის განვითარებას, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის სიძლიერეზე აისახება.

„ენერგეტიკის განვითარება არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის და სიძლიერის უალტერნატივო გზა. განახლებადი ენერგიის მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირთან უფრო დიდი კავშირის პოტენციალს, რომელსაც ჰქვია შავის ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ენერგორესურსების უწყვეტი ხელმისაწვდომობა მისაღებ ფასად გამოიწვევს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს რეგიონში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ განახლებადი ენერგიის მხარდაჭერით შევძლებთ შევთავაზოთ უფრო მეტი ენერგეტიკული რესურსები, ენერგეტიკული უსაფრთხოება როგორც ჩვენს ქვეყანას და რეგიონს ასევე ევროკავშირს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით. ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.