აქტუალური
საქართველო მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის 2022 წლის კანონის უზენაესობის ინდექსში

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტმა 26 ოქტომბერს 2022 წლის კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს კანონის უზენაესობის ქულა 2021 წლიდან 1%-ზე ნაკლებით შემცირდა, რის შედეგადაც საქართველომ 140 ქვეყანას შორის 49-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქულა სტაბილურად იკლებს 2015 წლიდან მოყოლებული, როდესაც ქვეყანაში კანონის უზენაესობის მდგომარეობა 0,65 ქულით (მაქსიმალური 1 ქულა), ხოლო 2022 წელს – 0.60 ქულით შეფასდა.

კანონის უზენაესობის ინდექსის ფარგლებში მინიჭებული ქულა 8 ფაქტორს ეფუძნება. ესენია: ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების აღსრულება, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 14 ქვეყანას შორის პირველი ადგილი უკავია. მას მოჰყვებიან კოსოვო და ჩრდილოეთ მაკედონია. რეგიონულ ჭრილში, ყველაზე დაბალი ქულების მქონე სამ ქვეყანას შორის არიან რუსეთი, ყირგიზეთი და თურქეთი. გასულ წელს, რეგიონის 14-დან 8 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ქულების კლება დაფიქსირდა. ამ 8 ქვეყნიდან ექვსში კლება იყო წინა წელსაც.

ძალაუფლების შეზღუდვა

იმ სხვადასხვა ფაქტორს შორის, რომლებიც საქართველოს ქულაზე ახდენენ გავლენას, ქვეყნისთვის ყველაზე პრობლემურს ძალაუფლების შეზღუდვა წარმოადგენს. 2022 წელს საქართველო 0.53 ქულით შეფასდა. შედეგად, ქვეყანამ 140 ქვეყანას შორის 69-ე ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს ეს მაჩვენებელი 0.62-ს შეადგენდა და მას შემდეგ იკლებს.

ამ კატეგორიის ფარგლებში, რომელიც 6 ფაქტორის საფუძველზე ფასდება, 2022 წელს საქართველომ შემდეგი შეფასებები მიიღო: მთავრობის უფლებამოსილებები ეფექტიანად იზღუდება საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ (0.57); მთავრობის უფლებამოსილებები ეფექტიანად იზღუდება სასამართლო ხელისუფლების მიერ (0.44); მთავრობის უფლებამოსილებები ეფექტიანად იზღუდება დამოუკიდებელი აუდიტის სამსახურისა და შემოწმების მიერ (0.58); მთავრობის წარმომადგენლები ისჯებიან არასათანადო ქცევის გამო (0.39); მთავრობის საქმიანობები მოწმდება არასამთავრობოების მიერ (0.66) და ხელისუფლების გადაცემა კანონის ფარგლებში ხდება (0.55).

კორუფციის არარსებობა

ხელისუფლებაში კორუფციის არარსებობის თვალსაზრისით, საქართველოს ქულა უცვლელად 0.68-ზე დარჩა. შედეგად ქვეყანამ 140 ქვეყანას შორის 31-ე ადგილი დაიკავა. აქაც ქვეყნის ქულა 2015 წლიდან მოყოლებული იკლებს, როდესაც იგი 0.73 ქულით შეფასდა.

მოცემულ კატეგორიაში, რომელიც ოთხი ფაქტორით ფასდება, 2022 წელს საქართველომ შემდეგი შეფასებები მიიღო: აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო მოხელეები საჯარო სამსახურს პირადი მიზნით არ გამოიყენებენ (0.60); სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო სამსახურს პირადი მიზნით არ გამოიყენებენ (0.72); პოლიციისა და სამხედრო ძალების წარმომადგენლები საჯარო სამსახურს პირადი მიზნით არ გამოიყენებენ (0.88) და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო სამსახურს პირადი მიზნით არ გამოიყენებენ (0.51).

ღია მმართველობა

რაც შეეხება ღია მმართველობას, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების ღიაობას ინფორმაციის გაზიარების, მთავრობის ანგარიშვალდებულების კუთხით და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეების მონაწილეობას უწყობს ხელს, საქართველო 0.59 ქულით შეფასდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 140 ქვეყანას შორის 45-ე ადგილი დაიკავა. მოცემულ კატეგორიაში, საქართველომ უმაღლესი ქულა 2016 წელს მიიღო, როდესაც ქვეყანა 0.63 ქულით შეფასდა.

მოცემულ კატეგორიაში, რომელიც ოთხი ფაქტორით ფასდება, 2022 წელს საქართველომ შემდეგი შეფასებები მიიღო: კანონებისა და ხელისუფლების მონაცემთა გასაჯაროება (0.52), ინფორმაციის მიღების უფლება (0.66), სამოქალაქო მონაწილეობა (0.61) და გასაჩივრების მექანიზმები (0.56).

ფუნდამენტური უფლებები

რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, საქართველო 0.62 ქულით შეფასდა და 140 ქვეყანას შორის 51-ე ადგილი დაიკავა. აქაც, ქვეყნის მაჩვენებელი 2016 წლიდან (0.68) იკლებს.

მოცემულ კატეგორიაში, რომელიც რვა ფაქტორით ფასდება, 2022 წელს საქართველომ შემდეგი შეფასებები მიიღო: თანაბარი მოპყრობა და დისკრიმინაციის არარსებობა (0.58); სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლების ეფექტური უზრუნველყოფა (0.72); ბრალდებულთა უფლებების დაცვა და მათ მიმართ სათანადო სამართლებრივი პროცედურების განხორციელება (0.59); გამოხატვის თავისუფლების ეფექტიანი უზრუნველყოფა (0.66); რწმენისა და რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფა (0.65); პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების უზრუნველყოფა (0.47); შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უზრუნველყოფა (0.69) და ფუნდამენტური შრომის უფლებების უზრუნველყოფა (0.56).

წესრიგი და უსაფრთხოება

რაც შეეხება წესრიგისა და უსაფრთხოების კატეგორიას, რომელიც აფასებს, თუ რამდენად კარგადაა უზრუნველყოფილი ადამიანთა და ქონების უსაფრთხოება, საქართველო 0.79 ქულით შეფასდა და 140 ქვეყანას შორის 45-ე ადგილი დაიკავა. მართალია, საქართველოს ქულა 2015 წელს არსებული 0.83 ქულიდან კლებაშია, ეს ერთ-ერთი ის კატეგორიაა, სადაც ქვეყანამ მაღალი ქულა შეინარჩუნა.

მოცემულ კატეგორიაში, რომელიც სამი ფაქტორით ფასდება, 2022 წელს საქართველომ შემდეგი შეფასებები მიიღო: დანაშაული ეფექტიანად კონტროლდება (0.92); სამოქალაქო კონფლიქტი ეფექტიანად იზღუდება (1.00) და ადამიანები პირადი საჩივრების დასაკმაყოფილებლად ძალადობას არ მიმართავენ (0.45).

რეგულაციების აღსრულება

რეგულაციების აღსრულების კუთხით, საქართველომ 0.57 ქულა მიიღო და 48-ე ადგილი დაიკავა. 2015 წელს საქართველოს ქულა 0.62 იყო.

მოცემულ კატეგორიაში, რომელიც ხუთი ფაქტორით ფასდება, 2022 წელს საქართველომ შემდეგი შეფასებები მიიღო: მთავრობის რეგულაციების აღსრულება ეფექტიანია (0.57); მთავრობის რეგულაციების გამოყენება და აღსრულება არასათანადო გავლენის გარეშე ხორციელდება (0.80); ადმინისტრაციული პროცედურები დაუსაბუთებელი დაგვიანების გარეშე ხორციელდება (0.47); ადმინისტრაციულ პროცესში სათანადო სამართლებრივი პროცედურა უზრუნველყოფილია (0.39); ხელისუფლება კანონიერი პროცესისა და ადეკვატური კომპენსაციის გარეშე ექსპროპრიაციას არ ახორციელებს (0.60).

სამოქალაქო მართლმსაჯულება

რაც შეეხება სამოქალაქო მართლმსაჯულებას, რომელიც აფასებს შეუძლიათ თუ არა რიგით მოქალაქეებს საკუთარი დავების მშვიდობიანად და ეფექტიანად მოგვარება სამოქალაქო მართლმსაჯულების სისტემის მეშვეობით, საქართველომ 0.53 ქულა მიიღო და 68-ე ადგილი დაიკავა. 2015 წელს ქვეყანა 0.63 ქულით შეფასდა.

მოცემულ კატეგორიაში, რომელიც შვიდი ფაქტორით ფასდება, 2022 წელს საქართველომ შემდეგი ქულები მიიღო: მოსახლეობას აქვს სამოქალაქო მართლმსაჯულებაზე წვდომა (0.63); სამოქალაქო მართლმსაჯულება დისკრიმინაციისგან თავისუფალია (0.54); სამოქალაქო მართლმსაჯულება კორუფციისგან თავისუფალია (0.59); სამოქალაქო მართლმსაჯულება ხელისუფლების არასათანადო გავლენისგან თავისუფალია (0.39); სამოქალაქო მართლმსაჯულება დისკრიმინაციისგან თავისუფალია (0.54);სამოქალაქო მართლმსაჯულება უსაფუძვლო დაყოვნებას არ ექვემდებარება (0.34); სამოქალაქო მართლმსაჯულების აღსრულება ეფექტიანია (0.52) და ალტერნატიულ დავათა მოგვარების მექანიზმები ხელმისაწვდომი, მიუკერძოებელი და ეფექტიანია (0.73).

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება

რაც შეეხება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კატეგორიას, რომელიც ქვეყანაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემას აფასებს, საქართველომ 0.51 ქულა მიიღო და 54-ე ადგილი დაიკავა.

მოცემულ კატეგორიაში, რომელიც შვიდი ფაქტორით ფასდება, 2022 წელს საქართველომ შემდეგი ქულები მიიღო: სისხლის სამართლის გამოძიების სისტემა ეფექტიანია (0.36); სისხლის სამართალწარმოების პროცესი დროული და ეფექტიანია (0.56); პენიტენციური სისტემა ეფექტიანია დანაშაულებრივი ქცევის შემცირების თვალსაზრისით (0.63); სისხლის სამართლის სისტემა მიუკერძოებელია (0.49); სისხლის სამართლის სისტემა კორუფციისგან თავისუფალია (0.73); სისხლის სამართლის სისტემა არასათანადო გავლენისგან თავისუფალია (0.24); ბრალდებულთა უფლებების დაცვა და მათ მიმართ სათანადო სამართლებრივი პროცედურების განხორციელება (0.59).