პოლიტიკა
„ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივნის – იოსებ შატბერაშვილის, განცხადებით, 26 მაისის სამარცხვინო მოვლენების შემდეგ ქვეყანაში სააკაშვილის რეჟიმის მიერ მისი დიქტატურის დაკანონების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც შატბერაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პარტიებს, ფაქტობრივად, ეკრძალებათ მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული უფლებების განხორციელება – სიტყვის, პრესის, შეკრებების, მანიფესტაციების გამართვის უფლება და ტირანულ რეჟიმს, ახალი კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერ დროს შეეძლება მოქალაქეების ყოველგვარი განსხვავებული აზრის ჩახშობა“. „მიგვაჩნია, რომ მსგავსი რამ რადიკალურად ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. გვსურს, განვუცხადოთ პარლამენტსა და პრეზიდენტს, ტყუილად ირჯებიან ამ ანტიხალხური, დიქტატორული კანონის მისაღებად. „ლეიბორისტული პარტია“ არ აპირებს ტირანიასთან შეგუებას, პარტია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ყველა აქციის ჩატარებას, რაც ჩვენი ხალხის ინტერესებს შეესაბამება. სირცხვილი დასავლეთის სახელმწიფოებს, რომლებიც სიტყვით აცხადებენ, რომ მათთვის მთავარია დემოკრატიული ღირებულებები, ხოლო საქმით ხელს უწყობენ სააკაშვილის დიქტატურის გამყარებას!“ – განაცხადა შატბერაშვილმა.