საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები კადრების „რეპრესიულ წმენდაზე“ საუბრობენ.
ერთ-ერთ პირველი, რომელმაც სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ განაცხადა, რომ რესტავრატორი ანა შეროზიაა. 1 ნოემბერს მან Facebook-ზე დაწერა, რომ სააგენტოში „მორიგი რეპრესიული წმენდის“ დასრულების შედეგად დაახლოებით 20 თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის რესტავრატორები, არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და სხვა დარგის სპეციალისტები.
„კონკრეტულად ჩემზე რომ ვთქვა, 2016 წლიდან დღემდე, სააგენტოში (რომლის შემადგენლობაში 18 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალია) ვიყავი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების ერთადერთი რესტავრატორი“, – აღნიშნა მან.
შეროზიას თქმით, გათავისუფლებულ თანამშრომელთა უმეტესობა მათი უფლებების, ასევე „ჩვენი მემკვიდრეობისა“ და „მეცნიერების“ დასაცავად სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.
2 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა თქვა, რომ მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მისი სამსახურის გაუქმება იყო მითითებული.
„ეს არის ზოგადად ქვეყნისთვის ძალიან საზიანო გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ იშლება ინსტიტუციონალური მეხსიერება. როდესაც სურვილია, რომ სახელმწიფო განვითარდეს, ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას, ამ ტიპის გადაწყვეტილებები, უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარია“, – ხაზი გაუსვა მან.
სააგენტოდან თანამშრომლების მორიგ გათავისუფლებას სფეროზე „დაუნდობელი შეტევა“ უწოდა კიდევ ერთმა განთავისუფლებულმა თანამშრომელმა და დასძინა, რომ ეს არის სფეროს „პროფესიონალებისგან დაცლა, საქმისთვის ჩამოცილება, უგულებელყოფა ადამიანების ცოდნის, შრომის, გამოცდილების“. „ეს არის ერთიანი რეპრესიული სისტემის ნაწილი“.
თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ცნობებს გუშინვე გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და განაცხადა, რომ დასრულდა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დაწყებული ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების რაოდენობა 9-ით – 268-მდე გაიზარდა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა კი – 22-ით – 150-მდე შემცირდა. ამასთან, საშუალოდ 350 ლარით მოემატა ხელფასი შტატით გათვალისწინებულ 24 პოზიციას და შტატიანი თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო აღარ არის 1 000 ლარზე ნაკლები.
გარდა ამისა, სააგენტოს განმარტებით, უწყების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეგულარული ინსპექტირებისთვის მონიტორინგის სამსახურში 5 რეგიონული დანაყოფი შეიქმნა, რომელსაც 26 ახალი თანამშრომელი დაემატა.
სააგენტოსვე განცხადებით, მეტი ავტონომია მიენიჭათ სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებსაც. კერძოდ, ისინი „თავად შეიმუშავებენ და განახორციელებენ კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურისტულ პროგრამებს, სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციებს, ასევე, მოამზადებენ მუზეუმებთან/მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებულ შემეცნებით, სამეცნიერო, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებსა და ღონისძიებებს“.