საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პრობლემა არ ექნება არცერთ ოპოზიციურ რეალურ პოლიტიკურ პარტიასთან, თუმცა, მოცემულ პერიოდში ერთ პარტიად ქცევაზე საუბარი და ერთი ნომრით ასპარეზობა იმ არჩევნებზე, სადაც ჯერ კიდევ განუსაზღვრელია ვადა, თუ როდის უნდა ჩატარდეს არ ემსახურება მიზანს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის „ფეისბუქ“ პოსტს, სადაც აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა, რომელსაც არ სურს პოლიტიკური ერთიანობა“.
როგორც მელია განმარტავს, ამ ეტაპზე, თანამშრომლობა უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობაა, ვიდრე ერთ სუბიექტად გადაქცევა.
„გაერთიანება და თანამშრომლობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამ ეტაპზე, თანამშრომლობა უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობაა, ვიდრე ერთ სუბიექტად გადაქცევა. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პრობლემა არ ექნება არცერთ ოპოზიციურ რეალურ პოლიტიკურ პარტიასთან, თუმცა, მოცემულ პერიოდში ერთ პარტიად ქცევაზე საუბარი და ერთი ნომრით ასპარეზობა იმ არჩევნებზე, სადაც ჯერ კიდევ განუსაზღვრელია ვადა, თუ როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, არ ემსახურება მიზანს და რაციონალურობისგან დაცლილია. „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ მომხრე იყო, ხელს უწყობდა თანამშრომლობას პარტიებს შორის, მეტიც ავანგარდში იდგა და იდგება.
მივესალმები სამი პოლიტიკური პარტიის გაერთიანებას. გულახდილად მივესალმები, თუ ისინი ჩამოყალიბდებიან ერთ სუბიექტად. სამი პოლიტიკური პარტიის ერთ პარტიად გადაქცევა გააძლიერებს თითოეულ მათგანს. მათი ეს გადაწყვეტილება მისასალმებელი იქნებოდა. საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს სამი პოლიტიკური პარტია უნდა გადაიქცეს ერთ პოლიტიკურ სუბიექტად, ვხედავ საფრთხეს, რომ ეს არათუ არ მოემსახურება ივანიშვილის რეჟიმი დამარცხებას, შეიძლება ვადაში გაწელოს პროცესი, რომელსაც 10 წელია ელოდება მოქალაქეების უმრავლესობა“,- აღნიშნავს მელია.
ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციური ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ერთიანობის მიღწევა ოპოზიციურ ფლანგზე ახლა ნომერ პირველი ამოცანაა, რადგან ივანიშვილის დამარცხების და ამ სისტემის დემონტაჟის სხვა გზას ვერ ხედავს.
„ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნდობა არც არასოდეს არსებულა. მიუხედავად ამისა არის გადასადგმელი ნაბიჯები ერთობისკენ თუ რა თქმა უნდა გულწრფელად გვინდა ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა და პირადი ან ვიწროპარტიული მიზნებით არ ვმოძრაობთ. შარშან, ადგილობრივი არჩევნების წინ თუ შესაძლო "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ"ლელოსთან" ერთად წინასაარჩევნო ერთობის შეკვრა, როცა ლელო ერთ-ერთი ხელმომწერია 19 აპრილის შეთანხმების (ანუ მაშინ გადაილახა ნდობის პრობლემა), ახლა რატომ გახდა ეს დაუძლეველი პრობლემა, გაუგებარია“,- წერს ჯაფარიძე.