პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა (ვიდეო)

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა (ვიდეო იხ. აქ).

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანი საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიციის მფლობელია.

შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მიმზიდველი კომერციული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ცენტრია და დასაფასებელია მისი მზარდი საერთაშორისო პოზიციონირება ყველა მიმართულებით.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰიანმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰიანს საქართველოში 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორციელებული.