საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატო მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლოს გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა. ამის შესახებ ნატოს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა
მისი თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება და დაასრულოს უკანონო ომი უკრაინაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გადახედოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ განაახლოს შეთანხმება, რაც საშუალებას მისცემს საკვებს მიაღწიოს მათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება”, - აღნიშნა მან.
ალიანსის სპიკერის თქმით, ნატოს ყველა მოკავშირე მიესალმა თურქეთის დახმარებით მიღწეულ შეთანხმებას.
ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე 29 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ტერაქტები” უწოდა და მათი განხორციელება “ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით” უკრაინელებს დააბრალა.