სამართალი
პროკურატურამ ენმ-ის თბილისის საკრებულოს წევრის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატის, ზვიად კუპრავასა და მოქალაქე კახა ხაჩიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორი წლის წინ, თბილისის 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კუპრავამ და ხაჩიძემ ერთმანეთზე იძალადეს. მათ პროკურატურა კენჭისყრის შენობაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე ცემას ან სხვაგვარ ძალადობას (1622, I) ედავება, რაც ჯარიმას ან 2-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის თქმით, ზვიად კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ მიმართავს. რაც შეეხება, ხაჩიძეს, მის მიმართ იმავე შუამდგომლობით საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს უკვე მიმართა.

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბარში კუპრავამ თქვა, რომ იგი მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს, რადგანაც თბილისის საკრებულოს აქტიური დეპუტატია და ვაკის პარკში 13 წლის გოგონას დაღუპვის გამო დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.

ბრალის გაცნობის შემდეგ, ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს კახა ხაჩიძისთვის, რომელსაც არც კი იცნობს, გულ-მკერდის არეში ხელის დარტყმას ედავება.

„მსგავსი ფაქტი არ ყოფილა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. პროკურატურამ წარმოადგინოს თუნდაც ერთი კადრი, სადაც მე ვინმეს ვურტყამ და მე მზად ვარ საკრებულოს მანდატი დავტოვო, ამ ცრუ ბრალდების გარეშე“, – დასძინა მან.