საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი ორგანიზაციები ომბუდსმენის შერჩევის პროცესს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ახალი უფლებადამცველი დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი და მიუკერძოებელი უნდა იყოს.
28 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ სახალხო დამცველს „უნდა გამოარჩევდეს ადამიანის უფლებების დაცვის ხანგრძლივი გამოცდილება, რომელიც საჯარო და თვალსაჩინოა“. ამასთან, საბჭოები მიიჩნევენ, რომ „ადამიანის უფლებების სამართლის ცოდნის მხრივ, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი კომპეტენცია და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობისადმი ღრმა რწმენა“.
„სახალხო დამცველი უნდა იყოს თითოეული ადამიანის უფლებათა მტკიცე ქომაგი, მიუხედავად იმისა, რომელ ჯგუფს შეიძლება მიეკუთვნებოდეს იგი – უმრავლესობასა თუ უმცირესობას“, – აცხადებენ საბჭოები და ხაზს უსვამენ, რომ ახალი სახალხო დამცველი „პრინციპული“ და „შეუვალი“ უნდა იყოს.
„ის არ უნდა ერიდებოდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც, შესაძლოა, ხელისუფლების, უმრავლესობის, ან რომელიმე დაინტერესებული ჯგუფის მიერ არ იქნება მოწონებული და გაზიარებული“.
მათივე განცხადებით, ომბუდსმენი „უნდა ხელმძღვანელობდეს კანონის უზენაესობით, კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და სხვა უფლებებთან ერთად, განუხრელად იცავდეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს, იბრძოდეს დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ“.
შესაბამისად, საბჭოები იმედოვნებენ, რომ საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევის გადაწყვეტილებისას სწორედ ხსენებული კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს.