საზოგადოება
კონფერენცია: „იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ – კულტურული მემკვიდრეობა“

cacanaSviliწმიდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდა მეცნიერთა მეოთხე თემატური კონფერენციის – „იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ – კულტურული მემკვიდრეობა“, დახურვის ღონისძიება გაიმართა.

იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ორგანიზებული იყო გელათის მეცნიერებათა აკადემიის, მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდისა და საზოგადოება „უნივერსიტეტელის“ მიერ.

როგორც ფონდის პრეზიდენტმა, იურიდიულ მეცნიერებეთა დოქტორმა, პროფესორმა მარიამ ცაცანაშვილმა დამსწრე საზოგადოების წინაშე განაცხადა, „ღონისძიების მიზანია, წარმოჩნდეს იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ სწავლების მეთოდის უნიკალურობა, როგორც ქართველი ხალხის სულიერი საგანძურის მნიშვნელობა, გლობალიზაციისა და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესში და მოხდეს მისი არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება“.

ამ თვალსაზრისით მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდმა დეკლარაციაც შეიმუშავა, რომელმაც, მარიამ ცაცანაშვილის თქმით, მოიარა მთელი საქართველო. აღნიშნული საკითხისადმი მხარდაჭერა სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საკუთარი ხელმოწერით გამოხატეს. ამის საშუალება ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებასაც მიეცა.

დოსიე: მარიამ ცაცანაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის კურსდამთავრებული, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიულ სამსახურში, იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. ფლობს საკლასო ჩინს – არის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი.

საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია; საქართველოს პრეზიდენტთან არსებული 8 სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე (ან წევრი).

გვევლინება კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზატორად/წევრად: საქართველო, პოლონეთი – კრინიცა; გერმანია – საარბრიუკენი; გერმანია – ბონი; შვედეთი – SIPU, შვეიცარია – SIDA, ლონდონი – City University. არის 45 სამეცნიერო სტატიისა და 6 მონოგრაფიის ავტორი, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო საბჭოს წევრი (ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია (აშშ); საქართველოს დიპლომატიური აკადემია; აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის უფლებათა დაცვის ინსტიტუტი (აზერბაიჯანი); პერიოდული სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორი (ან რედკოლეგიის წევრი): ინტელექტი, სამართალი, ელექტრონული იურიდიული ჟურნალი,Aახალი ათასწლეული (საქართველო); სამართალი და პოლიტოლოგიაA(აზერბაიჯანი-საქართველო); „informacion and society (ელექტრონული ჟურნალი).

გვევლინება არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებლად/დირექტორად: შპს – მეტამაქს-ჯორჯია“ „მეტამაქსი“; „ეკოლოგიის სტრატეგიული კვლევების ცენტრი“; „გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრი“; „ინფორმაცია და საზოგადოება“; „მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი“; „უნივერსიტეტელი“.

არის დამოუკიდებელი პროექტების ავტორი/ორგანიზატორი. მათ შორის: ქართული მეცნიერებისა და კულტურის დღეები საქართველოში“; სამართალი ნათელში“; „სამართალი ყველასათვის“; „ინფორმაციული სამართალი“; „გლობალიზაცია და თანამედროვე ეპოქა“; „უთხარი არა ინფორმაციულ ომს!“ „იაკობ გოგებაშვილის დედაენა კულტურული მემკვიდრეობა“.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც წარმოადგინეს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ იმპლანტაციის საკითხები; ილიელთა საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ იტორიულ-მეცნიერულ არგუმენტებზე, თუ რატომ უნდა გამოცხადდეს „დედაენა“ კულტურულ მემკვიდრეობად და რა საფრთხის შემცველია ენობრივი გლობალიზაცია; აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა კი საკუთარი პოზიცია მხატვრულად დააფიქსირეს გამოფენით „დაიცავი დედა ენა!“

დასასრულ, კონფერენციის მონაწილეებს სპეციალური სიგელები გადაეცათ. წარმოდგენილი მასალები გადაეგზავნება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობოთაშორისო კომიტეტში წარსადგენად.

P.S. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ მკითხველს აუცილებლად მიაწვდის ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე.

აქვე დავძენთ, რომ უახლოეს მომავალში მკითხველს წარვუდგენთ ვრცელ ინტერვიუს ქალბატონ მარიამ ცაცანაშვილთან, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში „დედაენის“ დაცვა.  ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც საკითხის აქტუალობას კიდევ უფრო ზრდის, მარიამ ცაცანაშვილი საქინფორმის ხშირი სტუმარი იქნება.

 

ნანა ლაღაძიშვილი,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“