საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელ დევნილთა საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრის საშუალებით უკრაინელებს ექნებათ საშუალება, ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფოში არსებული მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, ასევე გაეწევათ ფსიქოსოციალური დახმარება და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთები გადაეცემათ.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი. როგორც კასიანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერი საინფორმაციო ცენტრის გახსნაში მონაწილეობა მისთვის უაღრესად სასიამოვნოა.
„უაღრესად სასიამოვნოა წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა რუსული ბარბაროსული შეიარაღებული აგრესიის შედეგად საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერი საინფორმაციო ცენტრის გახსნაში. საქართველოში უკრაინის საელჩოს უამრავი მაგალითი აქვს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების უაღრესად მნიშვნელოვან წვლილზე, უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოების მექანიზმების მეშვეობით უკრაინის პრაქტიკული დახმარების კეთილშობილურ საქმეებში.
კერძოდ, ომით დაზარალებული უკრაინელი მოქალაქეების საჭიროებისთვის ერთი მილიონ სამასი ათასი დოლარი გადაირიცხა და ასი ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მნიშვნელოვანი რაოდენობა გაიგზავნა. ამით შესაძლებელი გახდა უკრაინელების საკვებით, პირადი ჰიგიენის საშუალებით, ტანსაცმლითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები და ორგანიზაციის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის მიუხედავად, უშუალოდ მუშაობდნენ უკრაინაში, რუსული ბომბებისა და სარაკეტო თავდასხმების ქვეშ ეხმარებოდნენ უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციაში, უზრუნველყოფდნენ მათ საჭიროებებს. უკრაინის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა უკრაინის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, რომელიც იზიარებს ძირითად ევროპულ ღირებულებებს. ადამიანებისა და მათი უფლებების დაცვას უპირველესი მნიშვნელობა აქვს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საინფორმაციო ცენტრი უკრაინის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, მიიღონ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომ საჯარო სერვისებზე. უპირველეს ყოვლისა, საქართველოში დროებითი ყოფნის მოწყობისთვის. ამასთან, უკრაინის მოქალაქეებს გაეწევათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ასევე უკრაინელი ბავშვებისთვის გახსნილია უსაფრთხო დასვენების ზონა და მათ პირადი ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფენ. მადლობა საქართველოს საზოგადოების წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის წარმომადგენლებს, თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობას. ეს არის ფლაგმანური ინიციატივა, რომელიც ასევე განხორციელდება ქუთაისის, ბათუმის აეროპორტებში და ლარსის გამშვებ პუნქტთან“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
ამასთან, ანდრეი კასიანოვმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების პროგრამის კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივების გამო საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.
„თითოეული ადამიანის ბედის საკითხი ნამდვილად აპოლიტიკურია და ჩვენ მადლობელი ვართ ყველასი, ვინც უერთდება უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენების პრაქტიკულ მხარდაჭერას როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერის სპეციალური პროგრამის კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებას. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ მშრალი მონაცემები. ეს არის 30 000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქის შესაძლებლობა, რომ რუსი ტერორისტების მიერ უკრაინის ენერგეტიკული მიზანმიმართული განადგურების უკიდურესად რთულ პირობებში გადაიტანონ რთული ზამთარი ჩვენს მოძმე და მეგობარ საქართველოში“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.