საზოგადოება
სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლის გათავისუფლება ბათილად ცნო

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან 2022 წლის იანვარში შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, გუგა გოგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება.

ორგანიზაციის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ სააგენტოს გოგაძისთვის კომპენსაციის სახით გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდური ხელფასის გადახდა დააკისრა. გოგაძე იმის კომპენსაციასაც ითხოვდა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობაზე მისი აღდგენა შეუძლებელია. მისი ეს მოთხოვნა სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სააგენტოს გოგაძისთვის დამატებით 3 000 ლარის გადახდა დაავალა.

მასობრივი გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მეორე პრეცედენტია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კულტურის სფეროს სხვა გათავისუფლებულთა შრომითი დავებისთვის. ამ საქმეებს უახლოეს თვეებში განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განმარტებით, გუგა გოგაძე ერთ-ერთი იმ 70-მდე პირიდან, რომლებიც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა უწყებიდან გაათავისუფლეს.

საგულისხმოა, რომ თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მის დაქვემდებარებულ უწყებებში თავისუფალი აზრის „დევნასა“ და თანამშრომლების „პოლიტიკური ნიშნით“ გათავისუფლებაში აქტიურად ადანაშაულებენ.

მსგავსი ბრალდებები ისმოდა მისი იუსტიციის მინისტრობის დროსაც. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის მსახურობის პერიოდში სისტემიდან თანამშრომელთა „უკანონო გათავისუფლებების“ გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარი იზარალა.