პუბლიკაციები
კონფერენცია „ჩერქეზი ხალხის ე. წ. გენოციდის აღიარება და მისი შედეგები საქართველოსთვის“

conferenceდღეს, 2011 წლის 15 ივნისს, სასტუმრო „BETSY’S HOTEL“-ის საკონფერენციო დარბაზში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა თემაზე: ჩერქეზი ხალხის . . გენოციდის აღიარება და მისი შედეგები საქართველოსთვის. კონფერენციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“ და ევრაზიის ინსტიტუტი. საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებენ გაზეთები: „საქართველო და მსოფლიო“, „ილორი“, ჟურნალი „ისტორიული მემკვიდრეობა“, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, უფლებათა დამცველები, ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები.

როგორც საქინფორმთან საუბარსა და საკუთარ მოხსენებაში „ისტორიული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელი ტარიელ გაგნიძე აცხადებს, „სხვადასხვა საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა ე.წ. გენოციდის აღიარების ფაქტს რუსეთის მიმართ აგრესიულ ნაბიჯად აფასებს“. „ჩერქეზთა გენოციდის თემამ 90-იანი წლებიდან წამოიწია. სხვადასხვა ინტენსივობით გაააქტიურებდნენ მას მისი ავტორები, ხან მიჩუმდებოდა და როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკა აირჩია, აქტიურად დაიწყო ამ თემის გამოყენება და მუსირება. რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკამ რა შედეგებამდეც მიგვიყვანა, ვნახეთ – ამის უკანასკნელი თვალსაჩინო მაგალითი 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვაა. ნაცვლად იმისა, რომ ამ ყველაფრიდან დასკვნები გამოეტანა, ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს აღებულ კურსს, ამჯერად უკვე ჩერქეზთა ე.წ. გენოციდის აღიარებით. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი არ იქნება განსხვავებული იმ შედეგებისგან, რომლებიც რუსეთთან კონფრონტაციით აქამდე მივიღეთ“, – განაცხადა გაგნიძემ.

კონფერენციის კიდევ ერთი ორგანიზატორი ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დირექტორ გულბაათ რცხილაძის შეფასებით კი, ჩერქეზთა ე.წ. გენოციდის აღიარება თითქმის არანაირი დადებითი შედეგის მომტანი ნაბიჯი არ არის. „ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა რისკის წინაშე დგება. ჩრდილოეთ კავკასიაში ხალხი საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციებზე წამოსაგებად და ამით რუსეთთან ურთიერთობის გასაფუჭებლად მოწადინებული არაა. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქულები დაიწეროს, ამ ხალხთან ურთიერთობები გაუარესდება. საქართველოს პარლამენტს ე.წ. გენოციდის აღიარების თხოვნით რამდენიმე ვითომ დიასპორის წარმომადგენელმა მიმართა და, შესაბამისად, ეს არ შეიძლება ჩერქეზების ინტერესების გამოხატვად ჩაითვალოს“, – აღნიშნა საქინფორმთან საუბრისას და საკუთარ მოხსენებაში რცხილაძემ.

ძირითადი მონაწილეების შემდეგ კონფერენციაზე გამოვიდნენ ღონისძიების სხვა მონაწილეები, რომელთაც განსახილველი თემის ირგვლივ საკუთარი შეხედულებები დააფიქსირეს:

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე: „მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩერქეზების გენოციდი ეღიარებინა. მაშინვე ვთქვი, რომ პარლამენტში სხვა ეროვნების წარმომადგენლების რიგი დადგებოდა იმავე მოთხოვნებით და ასეც მოხდა – იმავეს ითხოვენ სომეხთა, ქურთებისა და მუსლიმანი მესხების წარმომადგენლები. საქართველოს ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება სოჭში დაგეგმილი ოლიმპიადის წინააღმდეგაა მიმართული და ის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩერქეზებთან დაკავშირებით მესიჯი უცხოეთიდან მოდის და ამის უკან სერიოზული ძალები დგანან. საქართველომ ამ გადაწყვეტილების მიღებით წააგო, სხვებმა კი მოიგეს“.

აიპ „ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე, ჟურნალ „ისტორიული მემკვიდრეობის“ მთავარი რედაქტორი თემურ ქორიძე: „ეს აღიარება იყო საქართველოს ხელისუფლების უზარმაზარი შეცდომა, მან ამ ნაბიჯით ბევრი რამ დაკარგა. უეჭველია, რომ ეს იყო ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ“.

ექსპერტ-პოლიტოლოგი ნანა დევდარიანი: „ეს გადაწყვეტილება მცირერიცხოვანი ჯგუფის წრეში მომწიფდა, რაც დაუშვებელია. გარდა ამისა, ხელისუფლებამ, რომელიც საკუთარი ხალხის გენოციდზე არ დაახამხამებს თვალს, სხვისაზე როგორ უნდა ისაუბროს“...

გაზეთ „ილორის“ რედაქტორი როლანდ ჯალაღანია: „ვიდრე საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობები აკავშირებდა, მას მყარი პოზიციები ჰქონდა კავკასიაზე და ამაზე რუსეთიც უნდა დაფიქრდეს. რაც შეეხება ჩერქეზებს, ყველამ, ვინც ისტორიაში გარკვეულია, კარგად იცის, რომ არანაირი მტკიცებულებები გენოციდთან დაკავშირებით არ არსებობს. ეს არ იყო გენოციდი“.

ჟურნალ „ისტორიული მემკვიდრეობის“ პასუხისმგებელი რედაქტორი დარეჯან ანდრიაძე: „ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ფიქრი აუცილებელი იყო, თუმცა არა რუსეთის გაღიზიანების ხარჯზე. საქართველომ ეს საკითხი ძალიან მარტივად გადაჭრა, რითაც ქვეყანა ახალი რისკების წინაშე დააყენა. წარმოუდგენელია, რამდენად ავად შეიძლება მოუტრიალდეს ეს ერს“.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კორესპონდენტი ბაია ამაშუკელი: „გაჩაღებულია ბრძოლა კავკასიისთვის, აშშ იბრძვის გავლენის მოსაპოვებლად კავკასიაში და ეს საკითხი სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ისევე, როგორც სსრ კავშირის დაშლის შემდეგ წამოჭრილი მრავალი პრობლემა. ეს რუსეთის ჯიბრზე კეთდება, თორემ საქართველო მსოფლიო არენაზე დიდი მოთამაშე არ არის და მის მიერ აღიარება-არაღიარება არავითარ განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს. რას მოიგებს საქართველო, თუ რუსეთის ფედერაცია დაიშლება? ის მუსლიმანურ გარემოცვაში მოექცევა და წარსულში – იმ სასტარტო პოზიციაზე დაბრუნდება, რომელშიც მეფე ერეკლე მეორეს დროს იმყოფებოდა. ასეთი მავნებლობითაა დაკავებული ე. წ. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ამიტომ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ სავსებით მხარს უჭერს დღევანდელი კონფერენციის ჩატარების იდეას, რადგან საქართველოში ოპიზიციისგან განსხვავებული ობიექტური აზრი ამ საკითხზე დღემდე არავის გამოუთქვამს“.

პუბლიცისტი ირაკლი უბილავა: „ვუერთდები ჩემ წინ გამომსვლელთ იმ მოსაზრებაში, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის მეტს არაფერს მოუტანს. ჩრდილოკავკასიელი ხალხი წარმოადგენს გარკვეულ ბუფერს, რაც მას პროამერიკული ქვეყნებისგან განასხვავებს და მისი რუსეთისგან გამოყოფა ჩერქეზეთის აღიარებით და სხვა დაუფიქრებელი ნაბიჯებით ჩვენთვის დადებით შედეგებს არ მოიტანს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, პუბლიცისტი ზურაბ ჯამბურია და სხვები. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა ერთობლივი შემაჯამებელი განცხადება მიიღეს.

ქ. თბილისში 2011 წლის 15 ივნისს ე. წ. ჩერქეი ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ გამართული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეთა ერთობლივი განცხადება

აშკარაა, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების მიერ ინიცირებული ჩერქესული წარმოშობის ხალხთა ე. წ. გენოციდის თემის განხილვა სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე და ამ ე. წ. გენოციდის ოფიციალური და საზეიმო აღიარება პარლამენტის მიერ განპირობებულია საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად არსებული ურთულესი სიტუაციით. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს გამოუცხადა ერთგვარი “ცივი ომი”, უკვე დიდი ხანია, ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის მუდმივ ოპონენტებად იქცნენ, რაც ხშირ შემთხვევაში ელემენტარული დიპლომატიური ეთიკის ფარგლებსაც კი სცილდება.

დღევანდელი კონფერენციის მიზანი იყო მხოლოდ ერთი - იმის დადგენა, თუ რამდენად შეიძლება, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქესთა ე. წ. გენოციდთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყოს საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის, ანუ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი.

ჩვენ გავითვალისწინეთ საკითხის ამგვარი დასმისათვის შესაძლო კრიტიკა ჩვენი მისამართით, მავანთ შეიძლება უარჰყონ ჩერქესული ხალხების საკითხის განხილვის ანტირუსული სარჩული და განაცხადონ, რომ ე. წ. გენოციდის აღიარება ჭეშმარიტების დადგენისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის გაკეთდა, რაც თავისთავად უნდა მოვიაზროთ საქართველოს ინტერესების შესაბამისად. მაგრამ ირკვევა, რომ საქართველოში საკითხი არ იქნა სიღრმისეულად განხილული, ხოლო ხელისუფლების მიერ მოწვეულ ქართველ მკვლევართა ჯგუფს, რომლის დასკვნების საფუძველზეც პარლამენტმა ფორმალურად აღიარა ე. წ. გენოციდი, არ გააჩნია იმის კომპეტენცია, ამა თუ იმ მოვლენას მისცეს ისეთი პრობლემური კვალიფიკაცია, როგორიც გენოციდია.

რუსეთის იმპერიის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის, მათ შორის, ყაბარდოს შემოერთება დრამატული, მაგრამ ამასთან მსოფლიო ისტორიისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. რუსეთის მიერ კავკასიის მთიანეთის დაპყრობა და ათვისება ოსმალეთის იმპერიის გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა, ოსმალეთი კი რუსეთთან ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში, როგორც ცნობილია, რელიგიურ ფაქტორს აქტიურად იყენებდა. ჩერქესული ხალხების ზერელე, ფორმალური, მაგრამ მაინც ისლამიზაცია საკმარისი იყო იმისათვის, რომ ისინი რუსეთს აქტიურად დაპირისპირებოდნენ - ოსმალური იმპერიის წაქეზებით. რუსეთის იმპერიას ყაბარდო-ჩერქესთა მიმართ იმაზე მეტი არაფერი ჩაუდენია, რაც არ ჩაუდენიათ ევროპელ კოლონიზატორებს ყველა დანარჩენ კონტინენტზე. დასავლეთის კოლონიზატორული პოლიტიკის პირობებში მსოფლიოში სისხლის ზღვა დადგა, მრავალი ცივილიზაცია და კულტურა გადაშენდა, აღარ არსებობს ბევრი ეთნოსი და ენა, რომელიც უწინ არსებობდა. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ თანამედროვე სახელმწიფოებმა დაიწყონ მსოფლიო ისტორიის ცალკე აღებული ვრცელი ეპიზოდების კვალიფიცირება გენოციდად. გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ისტორია გენოციდის უამრავი ფაქტისგან შედგება, რაც თავად ამ ტერმინის გაუფასურებასა და ნიველირებას ახდენს, არღვევს მის განსაკუთრებულობას, სიმძიმეს უკარგავს მას.

რაც შეეხება ე. წ. ჩერქესთა გენოციდის აღიარების სარგებლობა-მავნებლობას საქართველოსათვის. ჩვენი აზრით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართულ სახელმწიფოს აყენებს რამდენიმე სერიოზული პრობლემის წინაშე, რომლებიც თავს იჩენს როგორც ახლო, ისე შორეულ პერსპექტივაში.

პირველი.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც გამოიჩინა “ორიგინალობა” და აღიარა

ე. წ. ჩერქესთა გენოციდი. მოსალოდნელი არ არის, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფო საქართველოს მხარს აუბამს. ამრიგად, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს მარგინალიზაციისკენ საერთაშორისო არენაზე.

მეორე.

რუსეთის ფედერაციაში ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, მათ შორის, ჩერქესებს, ყაბარდოელებს, ადიღელებს - აქვთ საკუთარი ავტონომიური რესპუბლიკები, რომლებიც მოსკოვის დოტაციებზე არიან დამოკიდებულნი. ამ რესპუბლიკებს არავითარი ინტერესი არ გააჩნიათ, აუმხედრდნენ რუსებს ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით. თურქეთის და არაბული ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ჩრდილოკავკასიელებს აქვთ თავიანთი ავტონომიები, სკოლებში მშობლიურ ენებზე განათლების მიღების საშუალება, უმაღლესი სასწავლებლები, ეროვნული კულტურის კერები… მოსწონს საქართველოს ხელისუფლებას თუ არა, ეს ხალხები ლოიალურად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ და არ ამჟღავნებენ ტენდენციას, აჰყვნენ საქართველოს ხელისუფლებას, რაც ისევ და ისევ ამ უკანასკნელს აგდებს უხერხულ მდგომარეობაში და ამით საქართველოს ინტერესები ზარალდება. საქართველო ვარდება ერთგვარად კომიკურ ვითარებაში, როდესაც იგი ცდილობს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს მოახვიოს თავისი შეხედულებები მათ საკუთარ ისტორიასთან დაკავშირებით. მაგრამ საფრთხე მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს. სავსებით შესაძლებელია, რომ “გენოციდის აღიარებამ” საქართველოს მიმართ აღნიშნული ხალხები უფრო ნეგატიურად განაწყოს, რადგან მათ შეუძლიათ, ეჭვი შეიტანონ ქართული მხარის გულწრფელობაში და იგი მათსა და რუსეთს შორის ეროვნებათაშორის შუღლის ჩამოგდებისა და პროვოკაციის მცდელობაში დაადანაშაულონ. თბილისში მოწვეული ზოგიერთი უცხოური დიასპორის წარმომადგენლის აზრი ვერ გადაფარავს ჩრდილოკავკასიელთა რეალურ განწყობებს. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. საქართველოს შეიძლება ბევრად უფრო აქტიურად “შეახსენონ”, რომ ჩრდილოკავკასიელთა ძალისმიერი დამორჩილება ხშირ შემთხვევაში ქართველთა ხელით ხორციელდებოდა და აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების ხსენებული გადაწყვეტილებთ “გენოციდში” ქართველების დადანაშაულების წინაპირობა შეიქმნა.

მესამე.

საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს, რომ რუსეთის იმპერიას თავის დროზე არანაკლებ რთული ურთიერთობა ჰქონდა აფხაზ ეთნოსთან, რომლის დიდი ნაწილი აიყარა და ოსმალეთში გადავიდა. აფხაზებს ისტორიის ეს მონაკვეთიც კარგად ახსოვთ, მაგრამ მთლიანობაში აფხაზები რუსეთის მიმართ მეტად ლოიალურად არიან განწყობილნი და მძიმე ისტორია მათ ხელს არ უშლით, ორიენტაცია რუსეთზე ჰქონდეთ აღებული და არა საქართველოზე. საქართველოს ხელისუფლების ლოგიკით, თუკი ე. წ. ჩერქესთა გენოციდი იქნა აღიარებული, მაშინ აფხაზთა მუჰაჯირობაც “გენოციდად” უნდა შეფასდეს. საქართველოს ხელისუფლება აღიარებს “აფხაზთა გენოციდს” თუ არ აღიარებს, იგი 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური და 2008 წლის ქართულ-ოსური ომის შემდეგ ერთობ გროტესკულ ვითარებაშია მოქცეული.

მეოთხე.

ჩერქესთა “გენოციდის” საკითხი 1990-იანი წლებიდან მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს შექმნილმა საერთაშორისო სტრუქტურებმა წამოჭრეს, ამ პროცესში ძალიან მალე დაუფარავად ჩაერთნენ აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები (მაგალითად, პოლ ჰენზე), გამოიცა ტენდენციური მასალები ე. წ. ჩერქესთა გენოციდთან დაკავშირებით, ადიღურ-ჩერქესული დიასპორების წარმომადგენლებს აშშ-მ და ევროკავშირმა გრანტები გამოუყვეს… ხოლო 2010 წლის ნოემბრის ბოლოს ამერიკული ჯეიმსთაუნის ფონდისა და ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „მიჩქმალული ერები - ბოროტმოქმედებები გრძელდება. ჩერქესები და ჩრდილოკავკასიელი ხალხები წარსულსა და მომავალს შორის“. სწორედ ამ კონფერენციაზე მიიღეს მიმართვა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისადმი.   ყოველივე ეს იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ე. წ. ჩერქესთა გენოციდის აღიარება ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილია, არ არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ემსახურება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას. ამასთან, რა თქმა უნდა, როგორც ეს უკვე ნაწილობრივ აღინიშნა, აშშ თვითონ არ აპირებს წინა პლანზე გამოჩნდეს და რაიმე “გენოციდი” აღიაროს ჩრდილოეთ კავკასიაში.

მეხუთე.

ე. წ. ჩერქესთა გენოციდის აღიარება უხერხულობას ქმნის მეზობელ სომხეთთანაც, რომლის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თურქეთში სომეხთა გენოციდის აღიარება. საქართველოში ე. წ. ჩერქესთა გენოციდის აღიარების საკითხი დააყენეს ჩერქესთა ერთ-ერთი დიასპორის ცალკეულმა წარმომადგენლებმა, რომლებსაც ოფიციალურ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში არავითარი სტატუსი არ გააჩნიათ. განსხვავებით ე. წ. ჩერქესული გენოციდისაგან, სომხების გენოციდის აღიარების საკითხს აყენებს სომეხთა სახელმწიფოს, - როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის, - ოფიციალური ორგანოები და ეს ზოგიერთი სახელმწიფოს პარლამენტმა აღიარა, საქართველოს კი ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს. ჩვენ არ ვაფასებთ, მართებული იქნება თუ არა სომეხთა გენოციდის აღიარება საქართველოს მიერ, მაგრამ ფაქტია, რომ პრიორიტეტი ცალმხრივად მიენიჭა ჩერქეზთა საკითხს.. ამ ფონზე “ჩერქესთა გენოციდის” აღიარებამ შეიძლება სომხეთის, ისევე როგორც გავლენიანი სომხური დიასპორების გაკვირვება, განაწყენება და გააქტიურება გამოიწვიოს, რაც ქართულ მხარეზე შესაბამისი ზეწოლის პროვოცირებას მოახდენს.

მეექვსე.

ლოგიკის მიხედვით, ჩვენი საკუთარი ისტორიის გადასახედიდან უნდა შევაფასოთ გარკვეული ეპიზოდები “გენოციდად”. საქართველოში ისტორიული მეხსიერება არ ჩამკვდარა და ერს ახსოვს მრავალსაუკუნოვანი ეროვნული უბედურება, რომელიც საქართველოს ისტორიაში “ლეკიანობის” საერთო სახელწოდებით შევიდა, როდესაც ჩრდილოკავკასიური ტომები რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სისტემატურად არბევდნენ ქართულ სამეფო-სამთავროებს და ამან ასეულობით ათასი ქართველის გატაცების, დამონების, ხოცვა-ჟლეტის აურაცხელი ფაქტი განაპირობა. ქართველ ხალხს ისიც ახსოვს, რომ ამ საშინელებისგან ხსნას ქართველი მეფეები რუსეთის იმპერიასთან მჭიდრო თანამშრომლობაში ხედავდნენ და საბოლოოდ სწორედ რუსეთის მიერ ჩრდილო კავკასიის მიერთებამ შეწყვიტა საქართველოს ხალხის და მიწა-წყლის დაუნდობელი ძარცვა და გაჩანაგება.

ჩვენ, კონფერენციის მონაწილეები, მივიჩნევთ, რომ ისტორიული მეხსიერების აფორიაქების მცდელობა ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივების მიზნით, სისხლიანი კონფლიქტების პროვოცირება და მათი გამოყენება ცალკეული ქვეყნების გეოპოლიტიკურ ინტერესებში კატეგორიულად მიუღებელია. ეს განსაკუთრებით სახიფათოა კავკასიაში - მრავალეროვნულ რეგიონში, რომლის ხალხებს ერთმანეთთან ურთიერთობების რთული ისტორია აქვთ. საქართველოს ხელისუფლების სწრაფვა, კავკასიის რეგიონში შორეული ქვეყნების ინტერესები და მითითებები განახორციელოს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საკუთარ ხალხს და ართულებს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას, რაც ცალსახად მიუღებელია და დაგმობის ღირსია.