პოლიტიკა
სიმონიანსა და ზატულინს სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. სამთავრობო ტელეარხი Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს.

ამის შესახებ მან რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინისთვის დაწესებულ ამავე აკრძალვასთან დაკავშირებულ შეტყობინებაში დაწერა.

"კონსტანტინ ზატულინს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა სომხეთს მხარს, სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა სომხეთში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც". – წერს სიმონიანი.

აქამდე, 25 ოქტომბერს ზატულინმა გამოაქვეყნა სომხეთის პარლამენტისგან მიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც, მისი ბოლო განცხადებები ერევნისა და მოსკოვის მეგობრული და სამოკავშირო ურთიერთობის განვითარებას ზიანს აყენებს და მისი სომხეთში ჩასვლა არაა სასურველი. ზატულინი ბოლო პერიოდში სომხეთის მთავრობას აქტიურად აკრიტიკებდა.

ჯერჯერობით, სიმონიანისთვის დაწესებული აკრძალვის შესახებ სომხეთის მთავრობას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ზატულინი ახლო მომავალში ერევანში ჩასვლას და ლაზარევის კლუბის შეხვედრაში მონაწილეობას აპირებდა. ეს არის სომხეთისა და რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრა.