საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ყირიმი უნდა გათავისუფლდეს და სწორედ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება რომ ომი აღარ არის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, 2014 წელს, როდესაც რუსეთმა თავისი აგრესია დაიწყო, მან ეს დაიწყო ყირიმში.
„პუტინის 8-წლიანი ომის შემდეგ, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელმაც ვერ იგრძნო ამ აგრესიის შედეგები. თუკი დღევანდელი გადმოსახედიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ სრულმასშტაბიანი აგრესიის წინაპირობა არსებობდა, აგრესია, რომელიც შეიწირავდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს. რუსეთი კლავს და აწამებს ხალხს განურჩევლად ასაკისა, წარმომავლობისა თუ სქესისა. ისინი კლავენ ქალებსა და კაცებს. ყოველივე ეს დაიწყო ყირიმიდან. აგრესიას მიეცა კიდევ უფრო სასტიკი სახე, რუსეთმა უკრაინიდან შეაჩერა ექსპორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის. მსოფლიო იქცა ადგილად, სადაც რუსული შანტაჟი რეალობად იქცა. ისინი ცდილობენ, მთელი კაცობრიობა კატასტროფული შედეგებით დაამცირონ.
რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ 2014 წლიდან ყირიმი მათია, თუმცა ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ვაჩვენოთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია არის დროებითი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ყირიმის დაბრუნება იქნება უკრაინის გაცოცხლების ნიშანი, როდესაც უკრაინული სიმბოლიკა დაბრუნდება თავის ლეგიტიმურ ადგილას ანუ ყირიმის სოფლებში.
„ყირიმი უნდა გათავისუფლდეს და სწორედ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება რომ ომი აღარ არის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა. როცა ჩვენ ყირიმის პლატფორმის ინიციატივა დავაყენეთ, ეს იყო ქვეყნის ლიდერების დონეზე, ახლა კი საპარლამენტო დონეზეა. რუსული ოკუპაციის მეცხრე წელი მიმდინარეობს, ყირიმში ირღვევა საერთაშორისო კანონი. ყირიმის მოსახლეობას რუსეთი ართმევს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას. ოკუპანტები ჩადიან ათასობით დანაშაულს ყირიმის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, 2014 წლიდან მოყოლებული, ყირიმი არის ერთადერთი ადგილი ევროპაში, სადაც რელიგიური და ეთნიკური ნიშნით წმენდა მიმდინარეობს.
„თუკი მუსულმანი ხარ, რუსეთი შენ დამნაშავედ გთვლის, თუკი უკრაინული პასპორტი გაქვს, ოკუპანტები კრიმინალად მიგიჩნევენ. გრძელდება ყირიმის მილიტარიზაცია და ეკონომიკური დანაშაულები. ამ ოკუპაციის შემდეგ, აღდგენას წლები სჭირდება, თუმცა ჩვენ ამას შევძლებთ. ყირიმში უნდა დაბრუნდეს უკრაინული დროშა, ეს იქნება ევროპული ნორმა, ეს იქნება სოციალური, კულტურული სამართლებრივი ნორმა. ყირიმი არის შესანიშნავი ადგილი ვაჭრობისთვის, ინვესტიციებისთვის, თუმცა ეს შესაძლებლობები ახლა არ აქვს ყირიმს, ეს წაართვა რუსეთმა. რუსეთმა ამ ნახევარკუნძულს განვითარების შესაძლებლობა წაართვა. ჩვენი დროშის ყირიმში დაბრუნება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფლებას ყირიმში მყოფი მცხოვრები ხალხისთვის. ჩვენ სამი რამ გვჭირდება ამ რთულ დროს. გვჭირდება სამხედრო მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები. სწორედ ამას გთხოვთ. გააძლიერეთ ძალისხმევა. ეს არის სამომავლო მშვიდობის საფუძველი, როდესაც ჩვენ ლეგიტიმურ საზღვრებს დავუბრუნდებით, მათ შორის ყირიმში, ჩვენ დაგვჭირდება თქვენი გამოცდილება უსაფრთხოების, სამართლის, ეკონომიკური, სოციალური განვითარებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, რომ ყირიმი იქცეს ისეთ ადგილად, სადაც ნორმალური ცხოვრება შეიძლება. მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს ჩვენი ტერიტორიული ინტეგრაციის უზრუნველყოფის შემდეგ. ყირიმის პლატფორმა უნდა იქცეს საფუძვლად, რომ შეიქმნას სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმები, რათა მოხდეს სხვა ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის. მომეცით პირობა, რომ აუცილებლად ესტუმრებით გათავისუფლებულ ყირიმს, როგორც კი იქ დავბრუნდებით“, – მიმართა ზელენსკიმ საპარლამენტო ასაბლეის მონაწილეებს.
ხორვატიაში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.