საზოგადოება
ქართველი ემიგრანტები: „26 მაისმა შეცვალა საქართველო და ეს უნდა გაიგოს საქართველოს ყველა მეგობარმა ევროპაში“

TeTrebi4როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესცენტრმა საქინფორმს აცნობა, ასეთი განცხადება გააკეთეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა მას შემდეგ, რაც ეროვნული მოძრაობის სათავეებთან მდგომმა პიროვნებამ, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მეგობარმა, გერმანიაში მცხოვრებმა შალვა წიკლაურმა 8 ივნისს შიმშილობა დაიწყო.

20-მდე ქართველმა თხოვნით მიმართა შალვა წიკლაურს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეეწყვიტა შიმშილობა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ბატონი შალვას ეს ვაჟკაცური ნაბიჯი გადაზრდილიყო პერმანენტულ შიმშილობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.

ბატონ შალვა წიკლაურს, როგორც პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობის“ (თეთრების) წევრს, შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე თხოვნით მიმართეს პარტიის დამფუძნებლებმაც.

გუშინ, გვიან ღამით (14 ივნისს), ბატონმა შალვა წიკლაურმა ხუთი დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა და დღეს ლომისობის დღესასწაულს გერმანიაში მცხოვრებ ქართველებთან ერთად შეხვდა ქართულ ეკლესიაში. გუშინვე პარიზში შიმშილობა დაიწყო ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებულმა საფრანგეთში მცხოვრებმა ბატონმა ხმელიძემ.

თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ  წიკლაურმა და ხმელიძემ ფრანკფურტსა და პარიზში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას აცნობეს.

როგორც შალვა წიკლაურის, ისე ბატონი ხმელიძისა და ევროპაში მცხოვრები ქართველების პოზიცია საერთოა:

„ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ხელისუფლება ასეთი სიძულვილით იქნებოდა საკუთარი ხალხის მიმართ განწყობილი, რომ  დამოუკიდებლობის დღეს სასტიკად დაარბევდნენ და დაიჭერდნენ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს. ჩვენს განსაკუთრებულ გულისტკივილს იწვევს ის ფაქტიც, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა უფლებას აძლევს პრეზიდენტ სააკაშვილს, დამოუკიდებლობის დღეს დაარბიოს მშვიდობიანი მომიტინგეები; უფლებას აძლევს ბრძოლის ველზე გართხმულ და გაქცეულ მხედართმთავარს, მიიღოს სამხედრო აღლუმი“ .