რელიგია
„სიყვარული უკვდავია, სულიც უკვდავია და ეს სიყვარული სიკვდილზე ძლიერია...“ - ქადაგება

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან მეცხრამეტე კვირას

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია გვიკითხავს სახარებას, სადაც წარმოდგენილია ადამიანური უბედურების ორი უკიდურესი ნაირსახეობა. ეს არის ქვრივობა და ერთადერთი შვილის გარდაცვალება. აი, ეს ნაინელი ქალი, რომელზეც დღეს მოთხრობილია, იყო ქვრივი და თან ასაფლავებს ერთადერთ ვაჟს. მოდის ეს სამგლოვიარო პროცესია და ქალაქის კარიბჭესთან ხვდება უფალი იესო ქრისტე, რომელიც ისეთი სიტყვებით მიმართავს ამ ქალს, საიდანაც ჩანს, რომ მისი უბედურება აქ სრულდება. იგი ეტყვის: „ნუ სტირი!“ პროცესია ჩერდება, უფალი მიდის ცხედართან, უბრძანებს მას: „ჭაბუკო, აღსდექ!“ და უბრუნებს ამ ქვრივს მის ერთადერთ იმედს, აცოცხლებს. თქვენ იცით, რა მძიმე მდგომარეობაში იყო ქალი იმჟამად აღმოსავლეთში, როდესაც მას არც ქმარი აღარ ჰყავდა და ერთადერთი შვილიც მოუკვდა, ეს ნიშნავდა, რომ ეს ქალი განწირული იყო სრული სიღატაკისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში მრავალ ჩვენგანს შეემთხვა მსგავსი უბედურება. რამდენი კაცი დაიღუპა ბრძოლის ველზე, რამდენი გარდაიცვალა ავადმყოფობით, რამდენი ბავშვი დაიღუპა უდროოდ და ტრაგიკულად! დღეს საკურთხეველში შემოვიდა ერთი ადამიანი, რომელმაც შვილი, ახალგაზრდა ბიჭი, დაკარგა სულ ცოტა ხნის წინ. თუნდაც გავიხსენოთ, რაც მოხდა ვაკის პარკში, როგორ ტრაგიკულად დაიღუპა შესანიშნავი გოგონა... და აი, ყველა ჭირისუფალს, ყველა დედას უფალი იესო ქრისტე იმავე სიტყვებს ეუბნება: „ნუ სტირი!“

რატომ მოსთხოვა უფალმა, რომ არ იტიროს? თქვენ გახსოვთ, სხვა ადგილას იგი ამბობს, რომ „ნეტარ არიან მგლოვარენი“, აქ კი ამბობს, არ იტიროო. იმიტომ, რომ იქ სხვა ტირილზე, სხვა გლოვაზეა საუბარი; ის ადამიანები, ვისაც უფალი წარმართებს უწოდებს, სხვაგვარად ტირიან, სხვაგვარად გლოვობენ და სხვაგვარად ხარობენ, ვიდრე ღმერთის ადამიანები და მორწმუნეები. ამაზე წერს პავლე მოციქული: „ნუ გლოვობთ, როგორც წარმართები, რომლებსაც არ აქვთ სასოება“. აი, სწორედ ასეთ გლოვაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტეს - სასოებამოკლებულზე, სწორედ ასე ტიროდა ეს ქვრივი - სასოწარკვეთით.

მინდა, შეგახსენოთ ერთი ეპიზოდი ძველი აღთქმიდან, როდესაც დავით წინასწარმეტყველს შვილი უკვდება. იგი პატარა ბავშვია, ავად ხდება და როცა ამას იგებს წმინდა დავით წინასწარმეტყველი, იწყებს მარხვას, განმარტოვდება, ღამეებს მიწაზე ათევს და შვიდი დღის შემდეგ მას ეტყვიან, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მაშინ დავითი დგება მიწიდან, იბანს, ზეთს იცხებს, მიდის ტაძარში, იქ ლოცულობს და შემდეგ მოითხოვს, რომ მოუტანონ საჭმელი და ჭამს. მსახურები ჰკითხავენ, თუ რას ნიშნავს მისი ასეთი ქცევა; სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, შენ მარხულობდი და გლოვობდი, ხოლო როდესაც გარდაიცვალა, შეწყვიტე მარხვა, საჭმელს ჭამ, ზეთი იცხე და პირი დაიბანეო? დავითი უპასუხებს, რომ სანამ ის ცოცხალი იყო, მე ვლოცულობდი და ვმარხულობდი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ვინ იცის, იქნებ ღმერთმა შემიწყალოს და გადაარჩინოს, მაგრამ როდესაც მოკვდა, რაღად ვიმარხულო, ვინაიდან ვიცი, რომ მე მას ვერ დავაბრუნებ, მე მასთან წავალ, ის კი ჩემთან ვერ მოვაო.

ამიტომ უფალი როდესაც ამბობს - „ნუ სტირი“, ამით ამბობს, რომ ნუ ეძიებ სიყვარულს წარსულში, შენს საყვარელ ადამიანს, შენს ახლობელს წარსულში, წარსულში მხოლოდ წარსულია, სიყვარული კი უკვდავია, სულიც უკვდავია და ეს სიყვარული სიკვდილზე ძლიერია და ჩვენ გვაერთებს, გვაკავშირებს ჩვენს ახლობელთან როგორც მიწიერ ცხოვრებაში, ისე მარადიულ ცხოვრებაში. დავითის საიდუმლოებაც ეს იყო, მან იცოდა ეს, მან იცოდა ღმერთის არსებობა, სწამდა ღმერთის და ვინც ეს არ იცის, ისინი, რა თქმა უნდა, შიშითა და ძრწოლით უყურებენ კარს მომდგარ სიკვდილს. და როდესაც ახლობელი გარდაეცვლებათ, უზომო გლოვას ეძლევიან.

აი, ამის თქმა მინდოდა თქვენთვის. მინდა, ასევე შეგახსენოთ, რომ როდესაც უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღადგენდა სხვა დროსაც, სხვა შემთხვევებშიც, სთხოვდა ხოლმე სარწმუნოებას იქ დამსწრე ადამიანებს. მაგალითად, იაიროსს უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს“. მართას უთხრა მისი ძმის, ლაზარეს, მკვდრეთით აღდგინების წინ: „მართა, თუ შენ იწამებ, იხილავ უფლის დიდებას“. უფალი იესო ქრისტე ასევე ბრძანებს: „მე ვარ ცხოვრება, მე ვარ აღდგომა“.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, თუ ჩვენ გვსურს, შევიდეთ „აღდგომასა სიხარულისასა“ და „აღდგომასა ცხოვრებისასა“ და იქ შევეგებოთ ჩვენს ახლობლებს, მაშინ მიწიერ ცხოვრებაში მათთან დროებითი განშორების ჟამს, უნდა გვახსოვდეს ეს საღვთო ძლევამოსილებით წარმოთქმული სიტყვები „ნუ სტირი“ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც არის ხელმწიფე ცოცხალათა და მკვდართა და რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!“

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

23 ოქტომბერი, 2022 წელი