საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ თავდასხმების ფონზე, საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოთქმული წუხილების თაობაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გამოთქვა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების მხრიდან გაჟღერებული „შემაშფოთებელი განცხადებების“, ასევე „მთავრობის ქმედებების, მათ შორის, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხების ან დაგვიანების გამო, რამაც უკუსვლა გამოიწვია“.
ნედ პრაისის თქმით, ამგვარმა ქმედებებმა ქართველი ხალხის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების უკუსვლა გამოიწვია.
„ამ ქმედებებმა, რომლებმაც შეგვაშფოთა, გამოიწვია პოლარიზაციის გაღრმავება ქართულ საზოგადოებაში და არა ქვეყნის გაერთიანება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ პოლარიზაციის ეს ხარისხი ქვეყანას, ან მის პოლიტიკურ მისწრაფებას არ გამოადგება.
ამასთან, პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზად არის საქართველოსთან რეფორმების განხორციელებაზე იმუშაოს, რათა ქვეყანამ ევრო-ატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს.
ამ კონტექსტში, მან მოუწოდა საქართველოს გამოიჩინოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, ამ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებით.
ჟურნალისტის კითხვაზე უთხრის თუ არა ძირს საქართველოში არსებული ვითარება აშშ-ის ინტერესს საქართველოში, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში თებერვალში დაწყებული ომის ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა: „ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს“.
როდესაც ჟურნალისტმა ნედ პრაისს ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე ნათესავებისთვის სანქციების დაკისრებაზე უკრაინის მიერ 19 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ჰკითხა და ასევე დაინტერესდა, აქვს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტს კონსულტაციები უკრაინის ხელისუფლებასთან სანქციების კუთხით, მან უპასუხა, რომ „ჩვენ მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა გვაქვს უკრაინელ პარტნიორებთან“ და დასძინა, რომ უკრაინის მიერ დაკისრებულ სანქციებზე თავად უკრაინელებმა უნდა ისაუბრონ.
რაც შეეხება საქართველოს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც მზადაა იმუშაოს საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირისა და ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი რეფორმების განხორციელებაზე, რაც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში დაეხმარება.