საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატო გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინამ ომში გაიმარჯვოს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „დოიჩე ველეს“ გადაცემა „კონფლიქტის ზონაში“ განაცხადა.
მისი თქმით, პუტინი თუ გაიმარჯვებს, ეს ნატო-ს უფრო მოწყვლადს გახდის. სტოლტენბერგის განცხადებით, პუტინი მიზანია, შეამციროს უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის უნარი, თუმცა, პუტინი წარუმატებლობას განიცდის, რისი დემონსტრირებაცაა ომის სისასტიკე.
„ჩვენ თვალწინ იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა თავდასხმის სამიზნეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მ და ალიანსის პარტნიორებმა განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა“, – აცხადებს სტოლტენბერგი.
მისი თქმით, ნატო-სა და მისი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებულმა შეიარაღებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა ვერ შეძლო უპირატესობის მოპოვება ცაში.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მათ მოქმედებებს, ვიჩენთ სიფრთხილეს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ისინი ბირთვული წვრთნების ჩატარებას აპირებენ. უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენების რისკი დაბალია. ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსეთს, რომ მას სერიოზული შედეგები ელოდება, თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ასევე, ვახსენებთ რუსეთს, რომ შეუძლებელია ბირთვული ომის მოგება, ამიტომ მისი დაწყება არ ღირს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთისგან გაჟღერებული მუქარის მიზანი მათი დაშანტაჟება და უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტაა. თუმცა, სტოლტენბერგის თქმით, თუ ისინი ამას გააკეთებენ, მაშინ „უკრაინაში პუტინი გაიმარჯვებს“.