საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ვასილე დინკუს თქმით, რუმინეთის პრეზიდენტთან არ შეუძლია თანამშრომლობა ზემოქმედების ფონზე, რომელიც იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც დინკუ აღნიშნავდა, რომ უკრაინის ერთადერთი შანსი, დაასრულოს ომი, რუსეთთან მოლაპარაკებაა.
„ჩემი ჟესტი განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან. ვფიქრობ, გადადგომა აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს გადაწყვეტილებებსა და პროგრამებს, რომლებიც მოქნილ სამეთაურო ჯაჭვს საჭიროებს და არ დაიბლოკოს რიგი პროექტებისა, რომლებიც აუცილებელია სამინისტროსა და არმიისთვის“, – განაცხადა დინკუმ.
ოქტომბრის დასაწყისში რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ განაცხადა, რომ უკრაინის ერთადერთი შანსი, დაასრულოს ომი, რუსეთთან მოლაპარაკებაა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა აღნიშნა: „ამ ომში რუსეთი თავს ესხმის უკრაინას და უკრაინელები ომში ამ ფასს სისხლით იხდიან. უნდა მივიღოთ, ვაღიაროთ ის იდეა, რომ მხოლოდ უკრაინა გადაწყვეტს, როგორ, როდის და რა შეიძლება, იყოს მოლაპარაკების საგანი. ეს პოზიცია, მიდგომა გახლავთ ჩვენი ოფიციალური მიდგომა, ასევე ევროკავშირის. ალბათ სჯობს, უფრო ხშირად წაიკითხოს ზოგიერთმა ჩვენმა წარმომადგენელმა ასეთი პოზიციების შესახებ“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.