საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს:
„ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ყოველდღიურად სამი მატარებელი გადის. სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის მოსახლეობა, ძირითადად, ამ ტრანსპორტით სარგებლობს, ამიტომაც ზუგდიდის რკინიგზის სადგურში მგზავრთა დიდი ნაკადი იყრის თავს.
მგზავრებს ადრე ორი სალარო და ოთხი მოლარე ემსახურებოდა. რამდენიმე თვის წინათ ერთ-ერთი მოლარე (ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე) გაათავისუფლეს და შტატიც შეამცირეს, ორს კი საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება შეუწყვიტა არაკეთილსინდისიერი მუშაობის გამო.ერთი მოლარის ამარა დარჩენილი ზუგდიდის რკინიგზის სადგურის ხელმძღვანელობა იძულებული შეიქნა, ინგირის სადგურიდან მოეწვია დამატებით მოლარე. ამჟამად ზუგდიდის რკინიგზის სადგურს ერთი სალარო და ორი მოლარე ემსახურება.
სალარო 07.00- 23.00 საათებში მუშაობს. შესვენება 12.00-დან 15.30 საათამდეა. ერთი სალარო მოზღვავებულ მგზავრთა ნაკადს ვერ აუდის, ხანგრძლივად რიგში ყოფნა კი მგზავრთა აღშფოთებასა და გულისწყრომას იწვევს. ისინი საქართველოს რკინიგზისგან კატეგორიულად ითხოვენ დამატებით ერთი სალაროს გახსნას, რომელსაც კვლავინდებურად ორი მოლარე უნდა მოემსახუროს.
საქართველოს რკინიგზამ კიდევ ერთი „სიურპრიზი“ მოუმზადა ზუგდიდის რკინიგზის სადგურს. თუ ადრე დღე-ღამის განმავლობაში სადგურს დაცვის რამდენიმე თანამშრომელი იცავდა და წესრიგიც იყო, რამდენიმე თვის წინათ დაცვა დაითხოვეს და სადგური ცენტრალურ სიგნალიზაციას მიუერთეს. სადგურის ხელმძღვანელობა ვერ ენდობა მხოლოდ სიგნალიზაციას, ამიტომაც თანამშრომლებს მორიგეობით უწევთ ღამის თევა სადგურში.
ზუგდიდის მგზავრთა სერვისცენტრის უფროს კობა ლაგვილავას განმარტებით, მას მისი ზემდგომის ნებართვის გარეშე ინფორმაციის მიცემისა და კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს“.