სამართალი
ევროპარლამენტმა ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას მხარი დაუჭირა

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტმა 20 ოქტომბერს 540 ხმით მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ. წინააღმდეგი მხოლოდ 6 ევროპარლამენტარი იყო, 36-მა კი – კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ევროკავშირის ელჩების მიერ 12 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ან იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე გაცემული დოკუმენტები, არ იქნება ვალიდური შენგენის ზონაში ვიზის მისაღებად ან საზღვრების გადასაკვეთად.

შემდგომი ნაბიჯი გულისხმობს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ საბოლოო საკანონმდებლო აქტზე მოლაპარაკებას. მას შემდეგ, რაც ორივე ინსტიტუტი ამგვარ აქტს მიიღებს, ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მეორე დღიდან შევა ძალაში.

ევროპარლამენტარებმა გადაწყვეტილებაში აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ანექსია უკანონოა. ევროკავშირმა ასევე დაგმო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება. ამიტომ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და მოკავშირეებმა ევროპის ეკონომიკური სივრციდან (EEA) „ამ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტები აღარ უნდა მიიღონ“.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ევროკომისიამ კონსულტაციები უნდა გამართოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და შეადგინოს იმ რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, რომლებიც მომავალში აღარ მიიღება.