საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ფრიდონ ინჯიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია.
„ბატონო ფრიდონ, თქვენ კითხვაზე, მიმაჩნია თუ არა, რომ პირდაპირი დიალოგი აუცილებელია, დიახ, გიდასტურებთ და ვთვლი, რომ პირდაპირი დიალოგი აუცილებელია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ფრიდონ ინჯიამ საგარეო უწყების ხელმძღვანელს ჰკითხა, მიაჩნია თუ არა, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია.
„მიგაჩნიათ თუ არა, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გარეშე შეიძლება, ეს საკითხი გადაწყდეს? თითქოს, თქვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლის ერთ-ერთი ამოცანაა ქვეყნის გაერთიანება, ეს არ გეხებათ. მე მაშინ, როგორც არა მინისტრს, არამედ მოქალაქეს გეკითხებით, ფიქრობთ თუ არა, პირდაპირი დიალოგის გარეშე, ქვეყნის ეს ორი ნაწილი დაუბრუნდეს საქართველოს?“, – მიმართა ინჯიამ დარჩიაშვილს.