პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესდა

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინამ საქართველოს ოთხ მოქალაქეს, ალექსანდრე ივანიშვილს, უჩა და ტატე მამაცაშვილებს, აგრეთვე ქეთევან ხარაიძეს სანქციები დაუწესა. შესაბამის განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.

განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულების მიხედვით, სანქციები გულისხმობს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ან შეჩერებას, უკრაინის ეროვნული ბანკის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის აკრძალვას, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვას.

შესრულდეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება „სპეციალურ პერსონალურ, ეკონომიკურ და სხვა შემაკავებელ ზომებში ცვლილებების გამოყენებისა და შეტანის შესახებ“. ამ ბრძანებულებით, ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

თავის მხრივ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს სანქციების გამოყენების შესახებ და დააყენოს მათთან მსგავსი შემზღუდავი ზომების შემოღების საკითხი.

საერთო ჯამში, ზელენსკის განკარგულებით, სანქციები 3 600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, რომელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილი და ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი.