სამართალი
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გადადგა

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. 19 ოქტომბერს, დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ გრძნობს „ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, მორალურ პასუხისმგებლობას“ და თანამდებობას ტოვებს.

საგულისხმოა, რომ გიგა გიგაშვილის მოადგილე ერთ-ერთია იმ ცხრა პირთაგან, რომლებიც ამას წინათ ვაკის პარკის შადრევანში, 13 ოქტომბერს დენის დარტყმის შედეგად გოგონას გარდაცვალების საქმეზე დააკავეს. გამოძიება მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავება, რამაც მძიმე შედეგი ან ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. მას 2-5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„მე, როგორც სამსახურის უფროსი, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ“, – განაცხადა გიგაშვილმა და დასძინა, რომ სრულად ითანამშრომლებს გამოძიებასთან, „რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს“.

გიგა გიგაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

 

გიგაშვილის გადადგომამდე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კითხვას – „რა მოხდა 13 ოქტომბერს?“ – პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, რომელთანაც თბილისის მერია „მჭიდროდ“ თანამშრომლობს.

აღნიშნა რა, რომ მათთვის „მტკივნეულია“, რომ ბრალდებულთა შორის მერიის თანამშრომელიც არის, კახა კალაძე ხაზი გაუსვა, რომ „კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია“.

თბილისის მერმა მომხდარში მის პირად პასუხისმგებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თუკი მისი, „თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება“, მზად არის, რომ კანონის წინაშე პასუხი „სრული სიმკაცრით“ აგოს. „კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ“, – ხაზი გაუსვა კახა კალაძემ.

იგი ოპონენტების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ „სრულიად გამაოგნებელ განცხადებებსაც“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამხელა ტრაგედიაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ“.

თბილისის მერმა ვაკის პარკის მებაღესთან, დევი მეზურნიშვილთან, ასევე 13 ოქტომბერს კიდევ ერთ დაშავებულ მოზარდთან შეხვედრისა და სოციალურ ქსელში ამ შეხვედრების ამსახველი ფოტოების გამო ატეხილ „კამპანიურ აჟიოტაჟსაც“ უპასუხა და განაცხადა – „… ეს, მეგობრებო, ჩემი ვალია და ჩემი ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის“.

17-18 ოქტომბერს, სოციალურ ქსელებში კახა კალაძის ვაკის პარკის მებაღესთან, ასევე 13 ოქტომბერს დაშავებულ ერთ-ერთ მოზარდთან შეხვედრების ამსახველი ფოტოები გავრცელდა. ამ უკანასკნელს დედაქალაქის მერი თავად ესტუმრა და საჩუქრად ბურთი და მისივენომრიანი საფეხბურთო მაისური გადასცა. ფოტოებს საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. მოქალაქეთა ნაწილმა მიიჩნია, რომ კალაძე ამით მსხვერპლის იმიჯის მორგებასა და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობდა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ იგი მოინახულებს და შეხვდება ყველას ვისი მადლიერიც არის და „ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა“. „აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს [მოქალაქე, რომელმაც ერთ-ერთ დაშავებულ მოზარდს ადგილზე პირველადი დახმარება გაუწია], რომელმაც ლაზარე გადაარჩინა… მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა, თითოეულ ექიმს, თითოეულ ექთანს, ყველა ადამიანს“.

მანვე 13 ოქტომბერს დაშავებულ კიდევ ერთ მოზარდს, ბოდიში მოუხადა, რომ მისი მონახულება ამ დრომდე ვერ შეძლო და პირობა დადო, რომ მომდევნო დღეებში მასაც აუცილებლად ესტუმრება.

კახა კალაძემ მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, დედაქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება დაავალა, რომელსაც ექსპერტიზა ვაკის პარკის შადრევანზე ყალბი დასკვნის გაცემაში ბრალდებულმა კომპანია „მშენექსპერტმა“ გაუწია.

„სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია“, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასასრულს დედაქალაქის მერმა და დასძინა, რომ „თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული, ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს“.