აქტუალური
ლიცენზირებული სასაკლაოების მონაცემებით, ქართული ხორცის რაოდენობა მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ექსპერტების გარკვეული ნაწილიც მიიჩნევს, რომ ხორცის გაძვირების მთავარი მიზეზი ბაზარზე ქართული ხორცის დეფიციტია. ხორცის რეალიზატორები კი ბიზნესში გავლენის სფეროების გადანაწილებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ნატახტარისა და თელეთის სასაკლაოებმა ბაზარი უკვე გაინაწილეს. აგრარულ ბაზრებს თელეთის სასაკლაო გააკონტროლებს, ხოლო მსხვილ სუპერმარკეტებს, მაღაზიებსა და წვრილ სავაჭრო ობიექტებს ნატახტარის სასაკლაო მოამარაგებს. რეალიზატორები იმასაც ამბობენ, რომ ფასის რეგულაციასთან დაკავშირებით სასაკლაოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან ხორცის გაძვირებამ მისი რეალიზაცია თითქმის 50%-ით შეამცირა.
ვიდრე მონოპოლისტები ოქროს შუალედს გამონახავენ, ისე, რომ არც საკუთარი ჯიბე დააზარალონ და არც სოციალური, უფრო სწორად, ყასაბთა ბუნტი გამოიწვიან, ვეგეტარიელების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ხორცის ყიდვას ვეღარ ახერხებს.