საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპულმა საბჭომ სომხეთში, აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის 40 დამკვირვებლის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო რეგიონში სიტუაციის მონიტორინგის, ანალიზისა და ანგარიშისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ 6 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ მიიღო.
საბჭოს განცხადების მიხედვით, საზღვრის გასწვრივ დამკვირვებლების განთავსება მიმართულია რაიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის, ნდობის დამყარებისა და ორ მხარეს შორის საერთაშორისო საზღვრის დელიმიტაციის ხელშეწყობისკენ.
ევროკავშირის დამკვირვებლების სწრაფი განთავსების უზრუნველსაყოფად, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ, დამკვირვებელი ექსპერტები დროებით გაგზავნოს საქართველოში მომუშავე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიმართავს ოპერატიულ ზომებს, რომ ეს არ აისახოს საქართველოში მისი მონიტორინგის შესაძლებლობებზე.
საბჭოს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სადამკვირვებლო მისია დროებითი ხასიათის იქნება და არ გაგრძელდება ორ თვეზე მეტხანს.
ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის მიერ აზერბაიჯანთან სომხეთის საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ 40 დამკვირვებელი ექსპერტის განთავსება მიმართულია ნდობის დამყარებისკენ არასტაბილურ სიტუაციაში, რომელიც, ბორელის თქმით, ადამიანთა სიცოცხლეს რისკის წინაშე აყენებს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტის დარეგულირების პროცესს.
„ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროკავშირი მოწადინებულია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების საბოლოო მიზნის მიღწევას“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.