პუბლიკაციები
პროექტი'''AGRI'' (Azerbaijan-Georgia-Romania Interconnector) და რუსეთის ინტერესები

 ილჰამ ალიევმა, ტრაიან ბესესკუმ და მიხეილ სააკაშვილმა გააფორმეს შეთანხმება, რომელიც საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან რუმინეთში გათხევადებული გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.

შეიქმნა კომპანია, რომლის თანაბარ წილებს აზერბაიჯანული ,,სოკარი”, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და რუმინული ,,რუმგაზი” ფლობენ; პროექტზე ''AGRI'' (Azerbaijan-Georgia-Romania Interconnector) სწორედ ის იმუშავებს. შაჰ-დენიზის საბადოდან მოწოდებული გაზის გათხევადება საქართველოში, სავარაუდოდ, ყულევში, საგანგებოდ აშენებულ ქარხანაში მოხდება, შემდეგ მას ტანკერებით რუმინეთში გადაიტანენ.

პროექტს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ჯერჯერობით არ აქვს. გაურკვეველია, რა წყაროებიდან მოხდება მისი დაფინანსება. პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა საქართველოსა და რუმინეთის სანაპირო ზოლში ჯერჯერობით არ არსებობს. თუ ''AGRI''-ს ფარგლებში გაზის გათხევადების ეფექტურ, მაგრამ დიდ ხარჯებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიას - “LNG”-ის გამოიყენებენ, საქართველოსა და რუმინეთში ძვირადღირებული ტერმინალები აშენდება, თუმცა, თუ პროექტში ჩართული მხარეები უფრო იაფ ტექნოლოგიას - “CNG”-ს აირჩევენ, მთავარი აქცენტი სპეციალური ტანკერების გამოყენებაზე გადავა. ექსპერტები პროექტის შეფასებისას სხვადასხვა ციფრებს ასახელებენ: საუბარი შეიძლება ეხებოდეს წელიწადში 2-დან 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანსპორტირებას, შესაბამისად, პროექტის განხორციელებას 1,2-დან 4,5-მდე მილიარდი ევრო დასჭირდება. წინასწარი ვარაუდით, ათასი კუბური მეტრის ტრანსპორტირების ფასი 100-დან 160 დოლამდე იქნება.

“AGRI”-თი დაინტერესება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმაც დააფიქსირა, რომელიც ბაქოში გამართულ ენერგო-სამიტს ესწრებოდა. პროექტში ჩართვაზე შეიძლება თურქმენეთიც დაფიქრდეს. იგი კასპიის ზღვით აზერბაიჯანში გათხევადებული გაზის გადატანის სხვადასხვა სქემებს განიხილავს. მიხეილ სააკაშვილმა კი მიღწეულ შეთანხმებებს ,,ენერგოუსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი გარღვევა” უწოდა.

ამ პროექტთან, ისევე, როგორც ,,ნაბუკოსთან” დაკავშირებით, უპასუხოდ მთავარი კითხვა რჩება: აქვს თუ არა აზერბაიჯანს საკმარისი გაზი მისი განხორციელებისათვის? შაჰ-დენიზის საბადოს დამუშავების პირველი სტადიის გაზზე კონტრაქტები უკვე გაფორმებულია, რაც შეეხება დამუშავების მეორე სტადიას, მასზე კონტრაქტების გაფორმებას ბაქო 2011 წლის ოქტომბერში აპირებს. თეორიულად, მომავალში გაზის მოპოვება შაჰ-დენიზის საბადოზე შეიძლება 25 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს. რეალურად კი ამ გაზის მომხმარებლისთვის მიწოდება მხოლოდ 2016-2017 წლიდან მოხერხდება.

რუმინეთი საკუთარი საბადოებიდან 14 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მოიპოვებს და 17,5 მილიარდ კუბურ მეტრს მოიხმარს. “AGRI”-ის გაზი მას შესაძლებლობას მისცემს, საერთოდ არ იყიდოს გაზი ,,გაზპრომისგან”. უნგრეთისთვის კი ეს უახლოეს პერსპექტივაში შეუძლებელი იქნება; ქვეყანა წელიწადში 10 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, რომელთაგან 80%-ს ,,გაზპრომი” აწვდის; შესაბამისად, ადგილი მხოლოდ ნაწილობრივ დივერსიფიკაციას შეიძლება ჰქონდეს.

უნგრეთი და რუმინეთი ევროპაში რუსული გაზის ძირითადი მომხმარებლები არ არიან. ,,გაზპრომის” მასშტაბებით, “AGRI” მცირე პროექტია, ის სტრატეგიულ რუსულ პროექტებს კონკურენციას ვერ გაუწევს. ,,სამხრეთ ნაკადს”, რომლის დასრულება 2015 წლისათვის იგეგმება, წელიწადში 63 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეეძლება. “AGRI” ,,გაზპრომს” ხელს ნაკლებად უშლის, მეტიც სტრატეგიული თვალსაზრისით, ხელს უწყობს მას. გაზი, რომელიც “AGRI”-ს პროექტში წავა, ,,ნაბუკოს” მოაკლდება. ,,ნაბუკო” კი საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რომელსაც შეუძლია, ,,სამხრეთ ნაკადს” კონკურენცია გაუწიოს. თუმცა მისი განხორციელება წლიდან წლამდე სულ უფრო საეჭო ხდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი აზერბაიჯანში წელიწადში 10 მილიარდამდე კუბური მეტრი ,,თავისუფალი” გაზის არარსებობაა. ამ მხრივ “AGRI” ,,ნაბუკოს” ტორპედირებას უწყობს ხელს. ამასთანავე, ,,გაზპრომი” სულ უფრო მეტ აზერბაიჯანულ გაზს ყიდულობს. 2011-ში ჩრდილოეთით 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი აზერბაიჯანული გაზი გადაიქაჩება.

ტაქტიკური თვალსაზრისით, ბაქოში ხელმოწერილ შეთანხმებას პროექტში მონაწილე ყველა მხარისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია, სტრატეგიულ პერსპექტივაში კი ის რუსეთის ინტერესებს პასუხობს. ამ მხრივ, ალიევმა, ბესესკუმ და სააკაშვილმა მოსკოვის თამაში ითამაშეს.