საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ბატალიონ „პიატნიშკის“ მეთაურის, ახრა ავიძბას განცხადებით, დასავლელი კურატორები თბილისზე ზეწოლას ახორციელებენ, რომ საქართველომ ომი დაიწყოს. თუმცა, მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ომი არ უნდა
„საქართველოს მთავრობას გულწრფელად არ უნდა ომი. მას ესმის: თუ ომი დაიწყება, ის შეიცვლება. ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა უნდა, რომ ამ ტალღაზე ჩვენ დაგვესხას“, - განაცხადა მან სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„პიატნიშკის“ ბატალიონის მეთაური ამბობს, რომ 2008 წელს „საქართველოს იარაღით ტენიდნენ“, რომელმაც შემდეგ „გაისროლა“.
„დღეს თურქეთიდან ხომალდებით მისდით იარაღი, ორჯერ ჩატარდა სწავლება, ამ სოუსით შეჰქონდათ იარაღი და არაფერი გაუტანიათ [უკან], დღეს მათთან ძალის მობილიზაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა ავიძბამ.
„საქართველოს ემზადება ომისთვის. იმისთვის, რომ გადაიფიქროს, ჩვენც უნდა მოვემზადოთ ამისთვის“, - დაამატა მან.
ახრა ავიძბამ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს კარგად იცნობს.
„მეორე შვილი ქართველისგან მყავს, მე ხალხთან პრეტენზია არ მაქვს, სოჭში მათ გვერდით გავიზარდე. სპორტდარბაზში 90% ქართველები მყავდა, მაგრამ მათი და მათი მთავრობის აზროვნება განსხვავდება. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ნაციონალისტური ხალხები უკრაინაში და საქართველოშია“, - განაცხადა ავიძბამ.
ახრა ავიძბა 2014 წლიდან მონაწილეობს დონბასში საომარ მოქმედებებში. მას „დნრ-ის" გმირის სტატუსი აქვს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა 2021 წლის იანვრის ბოლოდან ძებნილად გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახრა ავიძბამ (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას, "საერთაშორისო ბრიგადა პიატნაშკას".
ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში იმ პოლიტიკური კრიზისის აქტიური მონაწილე იყო, რომელიც „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. ახრა ავიძბას ოპოზიციაში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში მისი ბიძაშვილის, „კანონიერი ქურდის“, ალხაზ (ხასიკ) ავიძბას მკვლელობა გახდა.
2020 წლის ივნისში ავიძბა დაინიშნა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. იმავე წლის 9 ნოემბერს მან განცხადება დაწერა გადადგომის შესახებ და მიზეზად „საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა“ დაასახელა.
2021 წლის 4 მარტს ავიძბა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს დონეცკელ მეგობრებთან ერთად. მათ ბრალად ედებოდათ პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით იარაღის უკანონო შენახვა-გასაღება. „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიძბა და მისი დაცვის წევრები "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გეგმავდნენ“. თუმცა, ავიძბასთვის ამ მუხლით ბრალი არ წაუყენებიათ. ივნისში მას პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სექტემბერში ავიძბა ირწმუნებოდა, რომ არ გაუშვეს რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან. მოგვიანებით მან მოსკოვში ჩასვლა შეძლო, სადაც შეხვდა პარტიის - „სამართლიანი რუსეთი-უფლებისთვის“ - ლიდერს, სერგეი მირონოვს და სიტყვით გამოვიდა კონცერტზე, სახელწოდებით „ჩვენებს არ ვტოვებთ“. 29 სექტემბერს ახრა ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.
წყარო: რადიო თავისუფლება