საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში, სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში, რუსეთში „დასრულდება მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები“..." არაფერი დამატებით არ იგეგმება, ამ მხრივ თავდაცვის სამინისტროსგან არანაირი წინადადება არ მიგვიღია“, - თქვა პუტინმა 14 ოქტომბერს პრესკონფერემციაზე ყაზახეთში, ასტანაში, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობდა. პრესკონფერენციაზე პუტინმა დააზუსტა, რომ 220 ათასი ადამიანია მობილიზებული. მისივე თქმით, ხელისუფლება არ აპირებს მობილიზებულთა რიცხვის 300 ათასზე მეტად გაზრდას.
რუსეთის პრეზიდენტი ასევე შეეხო უკრაინაში, ფრონტზე, მობილიზებულთა დაღუპვის თემას და გამოაცხადა, რომ ფრონტზე უკვე 16 ათასი მობილიზებული იმყოფება. მისი თქმით, რადგან წვრთნა რამდენიმე დღეს გრძელდება, მობილიზებულთა ფრონტზე გაშვება არ ეწინააღმდეგება ადრინდელ დაპირებას, რომ ისინი ფრონტზე გაგზავნამდე სპეციალურ მომზადებას გაივლიდნენ.
ადრე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მომზადება, სულ მცირე, ერთ თვეს გაგრძელდებოდა.
პუტინმა ასტანაში თქვა, რომ რუსეთს არ აქვს გეგმა, მოსპოს უკრაინის სახელმწიფოებრიობა.
რუსეთის მიერ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის ანექსია მან ყირიმის წყლით უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა და „რეფერენდუმები“ არ უხსენებია.
რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, არ არსებობს 10 და 11 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული მასიური დარტყმების გამეორების აუცილებლობა. „ახლა სხვა ამოცანები გვაქვს“, - თქვა პუტინმა.
მისი სიტყვებით, „გლობალურ კატასტროფას“ გამოიწვევდა ნატოს ჯარების უშუალო მონაწილეობა უკრაინაში ომში.
რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სპეცოპერაცია იყო გამართლებული და დროული და მის გამო არ ნანობს. „ის, რაც დღეს ხდება, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ იმავეს მაინც მივიღებდით უფრო გვიან, ოღონდ ჩვენთვის უარეს პირობებში“, - ფიქრობს პუტინი.
უკრაინასთან მოლაპარაკების საკითხზე ასტანაში პრესკონფერენციაზე რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ მხარეებს შორის შუამავლობით დაინტერესებული ყველა ქვეყნის მცდელობები გათვალისწინებული იქნება, თუ კიევი „მომწიფდება“ რუსეთთან მოლაპარაკებისთვის.
„ჩვენ არ ვიცით კიევის პოზიცია. სულ ამბობდნენ, რომ სურთ მოლაპარაკება და თითქოს ითხოვდნენ ამას, მაგრამ ახლა ოფიციალურად მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს ამგვარ მოლაპარაკებას. რაზე შეიძლება აქ ლაპარაკი?“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც შეეხო აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობას.
პუტინმა, კერძოდ, თქვა, რომ ვერ ხედავს აუცილებლობას, პირდაპირი მოლაპარაკება გამართოს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან: „მას უნდა ჰკითხოთ, არის თუ არა მზად ასეთი მოლაპარაკებისთვის. მე, მთლიანობაში, ვერ ვხედავ აუცილებლობას, გულწრფელად რომ გითხრათ. ჯერჯერობით არ არსებობს პლატფორმა ასეთი მოლაპარაკებისთვის“, - თქვა მან.
პუტინი შეეხო ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამგზავრების საკითხს და თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა, მაგრამ ქვეყნების ლიდერებთან კონტაქტზე ლაპარაკი არ არის.
radiotavisupleba.ge