სამართალი
ქმედუუნარობის არსებულ მოდელს საია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

qmeduunaroსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ორგანიზაცია 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) უფლებების დაცვის დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს ქმედუუნარობის არსებული ნორმების არაკონსტიტუციურობის გამო.

ქმედუუნარობის ქართული მოდელის არსი გულისხმობს იმას, რომ მისი დადგენის მომენტიდან გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირი კარგავს საკუთარ თავთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას. ქმედუუნაროდ ცნობილ პირებს ენიშნებათ მეურვე, რომელიც ქმედუუნაროსაგან დამოუკიდებლად იღებს მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირები, თავისთავად, საჭიროებენ დამხმარეებს, გარეშე ადამიანებს, რომლებიც დაეხმარებიან ვითარების ადეკვატურ აღქმასა და ნების გამოხატვაში. თუმცა ეს მიდგომა შორს დგას მეურვეობის არსებული მოდელისაგან, რომელიც ითვალისწინებს არა ქმედუუნარო პირის დახმარებას ნების გამოხატვაში, არამედ მათი ნების ჩანაცვლებას.

საქართველოში ქმედუუნარობის დასადგენად ექსპერტები ზოგადი ხასიათის შეფასებას აკეთებენ ნაცვლად კონკრეტული რომელიმე ქმედების (ნივთის ყიდვა, გაყიდვა, თხოვება, ჩუქება, ოჯახის შექმნა) მნიშვნელობის გაცნობიერების შეფასებისა.

შესაბამისად, ქმედუუნარობის არსებული ინსტიტუტი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უნარების შეფასების გარეშე, ახდენს ყველა სახის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლების ჩამორთმევას. აღნიშნული ინსტიტუციური ქმედუუნარობის მიდგომა უარყოფილია როგორც ევროპის, ისე ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში და ჩანაცვლებულია ფუნქციური ქმედუუნარობით. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ადამიანის ყველა უნარის ინდივიდუალურ შეფასებას და ქმედუუნარობის შეზღუდვას ცხოვრების მხოლოდ იმ სფეროში, სადაც ადამიანს არ აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს სამოქალაქო კოდექსისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც არღვევს ქმედუუნარო პირების კონსტიტუციურ უფლებებს და ნაცვლად ფუნქციური მიდგომისა, ინსტიტუციურ მიდგომას ანიჭებს უპირატესობას.