სამართალი
ქართულ გვარებს „უკანადაცვეთა“ ემუქრება...

biometr_paspბიომეტრიულ პასპორტებში გრძელ სახელსა და გვარს შეამოკლებენ, – შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შევიდა.

განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ პასპორტში შეუძლებელია სახელისა და გვარის სრულად დატანა მათი სიგრძის გამო, დასაშვები იქნება შემოკლებით დატანა. შემოკლება გულისხმობს ასოების ჩამოცილებას სახელისა და გვარის ბოლოს. შემოკლებული სახელისა და გვარის ბოლოს უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

ბრძანებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ შემოკლების დროს შესაძლებელია, გონივრულობის ფარგლებში (?!) გათვალისწინებულ იქნეს პასპორტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, სახელსა და გვარში რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად.

საქინფორმის ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, პასპორტის მფლობელის სურვილის გათვალისწინებაში ადეიშვილის ახალი ბრძანებააგრეთვე გულისხმობს ავტომანქანების სანომრე ნიშნების ყიდვის იდენტურ წესს. კერძოდ, ცვლილებების მიუხედავად, ნებისმიერ მოქალაქეს პასპორტში საკუთარი გვარის შეუმოკლებლად გადატანაც შეეძლება, თუმცა ამისთვის ფულის გადახდა მოუწევს და, გვარის შემოკლებულ ვარიანტზე დასამატებელი ასოების რაოდენობიდან გამომდინარე, დაახლოებით 200 ლარიდან 5000 ლარამდე ეღირება.

ეს ქმედება ნათელს ჰფენს ხელისუფლების განზრახვას – რაც შეიძლება მალე მოხდეს ქართველების სრული ამერიკანიზაცია – „სტერილიზაცია“-გლობალიზაცია, რაც ადამიანისთვის წარსულის, მისი ფესვების დავიწყებას გულისხმობს. სწორედ ქართველთა გლობალიზაციისკენ, მამებისა და შვილების თაობების კავშირის გასაწყვეტად მიმართული ნაბიჯები იყო ქუთაისში დიდების მემორიალის აფეთქების ფაქტი; ინტელიგენციის „ჩარეცხვა“, „ლუსტრაციის კანონი“, რომლის მეშვეობითაც ჩვენი წინაპრები აგენტებად გამოაცხადეს; საქართველოს ისტორია ხომ, პრეზიდენტის სიტყვებით, დღეიდან, ანუ „ვარდების რევოლუციიდან“ იწყება! ასეთივე ნაბიჯი იყო შესანიშნავი მეცნიერის, ლიტერატორის, საზოგადო მოღვაწის, ეროვნული საგანძურისა და სულიერების უდრეკ გუშაგად აღიარებული გურამ შარაძის მკვლელობაც, რომელიც პასპორტებში ეროვნებისა და მამის სახელის შენარჩუნებისთვის სიცოცხლის ბოლო წუთებამდე იბრძოდა.

ფეხქვეშ ითელება ქართული ტრადიციები, ქართული გვარის ისტორია, ქრება ის ნიშნები, რომლებიც ქართველებს სხვებისგან განასხვავებდა. საქართველოში თავს იმკვიდრებს „ჰელოუინის“, „kiss party“-ისა და ჰომოსექსუალების აღლუმის ტრადიციები, სამაგიეროდ, ალბათ, აღარ იქნება „ბერიკაობა“, „კალანდობა“, „კოლხობა“ და სხვა ტრადიციული დღესასწაულები – „ბუშების“, „კეინების“ ეპოქაა საქართველოში, რომელშიც უკვე ვერავინ გაარჩევს, ვინ „ვისი გორისაა“ – მთავარია, უცხოელებისთვის ის ადვილი წასაკითხი იყოს!..

საინტერესოა, როგორ გამოიყურება ახალ პასპორტში ჩვენი პრეზიდენტისა და მისი გუნდის წევრების პირადი მონაცემები, თუ, რაღა თქმა უნდა, ისინი არ მოისურვებენ გვარის მთლიანი ვარიანტის დატანას დოკუმენტზე – „მიხეილ სააკა“, (მიხეილ სააკაშვილი); „მიხეილ მაჭავ“(მიხეილ მაჭავარიანი); „აკაკი მინა“ (აკაკი მინაშვილი); „გივი თარგი“ (გივი თარგამაძე); „გიგი წერე“ (გიგი წერეთელი); „ხათუნა კალმახ“ (ხათუნა კალმახელიძე)?! ყველაზე დაზარალებული კი ისევ ოპოზიცია დარჩება, რადგან, მაგალითად, „ლეიბორისტების“ ლიდერის ახალ პასპორტში „შალვა ნათელა“ ეწერება...