აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 6-7 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ქალაქ პრაღაში დღეს გაემგზავრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ მაღალი დონის თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.