პოლიტიკა
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში

elmar_mamediarovროგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 13 ივნისს თბილისში თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამედიაროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანს ორმხრივ ურთიერთობებში „არავითარი პრობლემები“ არ აქვთ.

„საქართველო და აზერბაიჯანი, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორები არიან, ცდილობენ, ისედაც ძალიან წინწასული, მყარ ფუნდამენტზე დაფუძნებული ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე“, – განაცხადა მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც 13-14 ივნისს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, განაცხადა, რომ „ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში სულ უფრო და უფრო ნაკლები სადავო საკითხია“ და დასძინა, რომ ორ ქვეყანას მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ყველა სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში ელმარ მამედიაროვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესაც შეხვდა. დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ შესათანხმებელია საზღვრის დემარკაციის საკითხი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ ცოტა ხნის წინათ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორმა მეზობელმა ჯერ ერთობლივი საზღვრის მხოლოდ 66 პროცენტი შეათანხმა. მან, ასევე, განაცხადა, რომ ეს „რთული და შრომატევადი“ პროცესია და რაიმე უცაბედი გარღვევა არ მიმართულებით მოსალოდნელი არ არის. თუმცა ჯალაღანიამ ხაზი გაუსვა, რომ ორივე მხრიდან არსებობს პოლიტიკური ნება ამ საკითხის გადასაწყვეტად.