პოლიტიკა
სუბარის კვარტეტი ტელევიზიის მქონე პარტიად ყალიბდება

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.

ამის შესახებ ბრიფინგზე მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტი შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქვით, მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტები, თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.

თითოეული მათგანი ძალზე ღირებულია ჩვენი მოძრაობისთვის და დარწმუნებული ვართ, ისინი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და მის სტაბილურ განვითარებას უკავშირდება.

საზოგადოებას გვინდა, ვაცნობოთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მოძრაობის რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერებაზე. ჩვენი მიზანია, მოძრაობას შეუერთდნენ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, რაზეც საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით.

დასასრულს მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, სიახლის შესახებ, რომელზეც მინიშნებით გასული კვირების მანძილზე აქტიურად ვსაუბრობდით. ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა „პოსტ TV“ წილის 52 პროცენტი. ეს გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ.

დღევანდელ ურთულეს გარემოში საქართველოს წარმატებით უზრუნველყოფისა და ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.