პუბლიკაციები
„ყირიმი - რუსეთს, უკრაინა - ნეიტრალური“ - ილონ მასკის მშვიდობის გეგმა

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. „სპეის-იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა გადაწყვიტა, რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა მოეფიქრებინა და ხმის მისაცემადაც დაედო "ტვიტერზე".

მშვიდობა უკრაინა-რუსეთს შორის:

განმეორებით, გაეროს ზედამხედველობით, ჩატარდეს არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში. რუსეთი დატოვებს ამ რეგიონებს, თუკი ასეთი იქნება ხალხის ნება;

ყირიმი ოფიციალურად რუსეთის ნაწილია, როგორც იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის მიერ შეცდომის დაშვებამდე);

ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია;

უკრაინა რჩება ნეიტრალური.

ილონ მასკს მალევე გამოეხმაურა, ასევე ტვიტერზე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და მას მიმართა: უკეთესი სამშვიდობო გეგმა არსებობს. პოდოლიაკმა თავისი სამპუნქტიანი ვერსია დადო, ასევე გვერდის მომხმარებელთა კენჭისყრაზე:

უკრაინა ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით;

ხდება რუსეთის დემილიტარიზაცია და სავალდებულო დენუკლეარიზაცია, რომ ვეღარ შეძლოს სხვების დაშინება;

ომის დამნაშავეები წარდგებიან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე".

ცოტა მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა „ტვიტერზე" თავისი შეკითხვა მომხმარებლებისთვის:

"რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?

რომელიც უკრაინას უჭერს მხარს;

რომელიც რუსეთს უჭერს მხარს".

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 3 ოქტომბერს რიგგარეშე პლენარულ სესიაზე უკრაინის ოლქების - დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქის ნაწილის - რუსეთის მიერ ანექსიის დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. .. საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირების შემდეგ, დოკუმენტს უნდა დაეთანხმოს ფედერაციის საბჭო და ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა.

წყარო: რადიო თავისუფლება