საზოგადოება
სახალხო დამცველის მოხსენების პარალელურად, დღეს, 14 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით უფლებადამცველების აქცია იმართება.
როგორც საზოგადოებრივი მოძრაობიდან – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ – გვაცნობეს, აქციის მოთხოვნებია: 26 მაისს მომხდარი დარბევის ობიექტური გამოძიება და პარლამენტის მიერ შესაბამისი საგამოძიებო კომისიის შექმნა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უფლებადამცველების მონაწილეობით, ასევე, დამნაშავეთა დასჯა და უდანაშაულო პირთა გათავისუფლება, ღირსების შემლახავი მოპყრობის შეწყვეტა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არიან: „ქართული აკადემიის“ წევრი ნინელი ჭანკვეტაძე, საზოგადოებრივი მოძრაობის – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ – ხელმძღვანელი ეკა ბესელია, საკრებულოს წევრი ნათელა მაჭავარიანი, საზოგადოებრივი დამცველი მანანა კობახიძე, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენელი ლია ხიდაშელი, „გადაარჩინე სიცოცხლის“ წარმომადგენელი ია მეტრეველი, ჟურნალისტი ნანა ჩიქოვანი, „არას“ წარმომადგენელი თიკო ნიბლოშვილი, მსახიობი ნანა შონია, „ქართული აკადემიიდან“ აველინა დავითულიანი, მანანა ბიწაძე-მიქელაძე, ლეილა ინჯია და სხვები.