სამართალი
51 ოპოზიციონერი დეპუტატი რუსეთის სპეცსამსახურებთან სუს-ის შესაძლო თანამშრომლობის ფაქტების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. 51 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელმაც მათივე განმარტებით, „2016-2017 წლებსა და შემდგომ პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან ფარული და სისტემატური თანამშრომლობის ფაქტები“ უნდა შეისწავლოს.

შესაბამისი დადგენილების პროექტი ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება. დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ უნდა განისაზღვროს – „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისა და მაღალი თანამდებობის პირების რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან ფარული და სისტემატიური თანამშრომლობის შესახებ „TV პირველის“ ეთერში დასახელებული ფაქტები, ასევე გამოკვლევის პროცესში გამოვლენილი უნდა იყოს აღნიშნულ პირთა სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სხვა ინტერესებს“.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ხელს აწერენ პარტია „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩისა“და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.