აქტუალური
საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხზე, თებერვლიდან სექტემბრამდე, იუსტიციის სამინისტროში რუსეთის მოქალაქეების 3283 განაცხადი შევიდა, საიდანაც 2009 დაკმაყოფილდა, 708-ს უარი ეთქვა, ხოლო 89 განცხადება განხილვაშია

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭების მოთხოვნით რუსეთის მოქალაქეების მიერ 3283 განცხადება შევიდა, საიდანაც 2009 დაკმაყოფილდა, 708-ს უარი ეთქვა, ხოლო 89 განცხადება განხილვაშია.

შესაბამისი ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან „ინტერპრესნიუსმა“ გამოითხოვა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა რუსეთის 952-მა მოქალაქემ ითხოვა, აქედან 661-ის განცხადება დაკმაყოფილდა, 109-ს უარი ეთქვა, ხოლო განხილვაშია 36; შრომითი ბინადრობის უფლება ითხოვა 811-მა პირმა, აქედან 311-ს უარი ეთქვა, 352 დაკმაყოფილდა, ხოლო 17 განცხადება განხილვაშია.

მოკლევადიანი ბინადრობის უფლება 714-მა პირმა ითხოვა, საიდანაც 372 დაკმაყოფილდა, 249-ს უარი ეთქვა, 21-ის განცხადება განხილვაშია;

ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის უფლება ითხოვა 295-მა პირმა, აქედან 230 დაკმაყოფილდა, 18-ს უარი ეთქვა, 2 განცხადება განხილვაშია; საქართველოს ყოფილი მოქალაქისთვის ბინადრობის ნებართვის 291 განცხადებიდან 227-ის განცხადება დაკმაყოფილდა, 10-ს უარი ეთქვა, 8-განხილვაშია;

სასწავლო ბინადრობის ნებართვა 167-მა პირმა მოითხოვა, აქედან 7-ს უარი ეთქვა, 128 დაკმაყოფილდა, ხოლო 5-ის განცხადება განხილვაშია; სპეციალური ბინადრობის ნებართვა 16 პირიდან 12-ს მიეცა; ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა ერთმა პირმა მოითხოვა, რომელიც დაკმაყოფილებულია.

რაც შეეხება ბინადრობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებს, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის 13 624-მა მოქალაქემ საქართველოში ბინადრობის უფლება მოითხოვა, საიდანაც 11 266-ის განცხადება დაკმაყოფილდა, 1229 პირს კი, უარი ეთქვა.

როგორც სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, უფრო კონკრეტულად, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 9 სექტემბრამდე, უწყებაში მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე 5596 განცხადება შევიდა, საიდანაც 4840 დაკმაყოფილდა, ხოლო 324-ს უარი ეთქვა; ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის 1470 განცხადებიდან დაკმაყოფილებულია 1307, ხოლო უარი ეთქვა 38-ს; სასწავლო ბინადრობის 548 განცხადებიდან დაკმაყოფილდა 476, ხოლო უარი ეთქვა 10 პირს; სპეციალური ნებართვა 57-დან 49 პირზე გაიცა. შრომითი ბინადრობის ნებართვა კი 2311 პირიდან 1597-მა მიიღო, ხოლო უარი ეთქვა 446 პირს; საქართველოს ყოფილი მოქალაქისთვის ბინადრობის ნებართვის 1113 განცხადება შევიდა, საიდანაც 32 არ დაკმაყოფილდა ხოლო 1000- ზე დამაკმაყოფილებელი პასუხი გაიცა; ამავე პერიოდში, უწყებაში დროებითი ბინადრობის ნებართვის 1 განცხადება იყო შესული, რომელიც დაკმაყოფილებულია; მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე 2407 განცხადებიდან დაკმაყოფილდა 1910, ხოლო უარი ეთქვა 257 პირს; მუდმივი საინვესტიციო ნებართვის 43 განცხადებიდან დაკმაყოფილდა 30, უარ ეთქვა - 12-ს.