აქტუალური
საქსტატი: სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5% იყო

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – ფასები 0.8%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (17.6%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (14.1%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (12.2%-იანი ზრდა).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ძირითადად შემდეგ ქვეჯგუფშია მომატებული: პური და პურპროდუქტები (32.8%); რძე, ყველი და კვერცხი (23.3%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5%); ზეთი და ცხიმი (21.2%); ყავა, ჩაი და კაკაო (18.9%); თევზეული (16.5%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8%); ხილი და ყურძენი (9.6%).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: განათლება (7%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (2%-იანი კლება); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.7%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (1.3%-იანი კლება).