უცხოეთი
ვაშინგტონის „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორი - მოსკოვსა და აშშ-ს შორის ბირთვული დაპირისპირება თუ მოხდება, არ არსებობს გარანტია, რომ ეს არ გადაიზრდება გლობალურ ბირთვულ ომში

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. მოსკოვსა და აშშ-ს შორის ბირთვული დაპირისპირება თუ მოხდება, არ არსებობს გარანტია, რომ ეს არ გადაიზრდება გლობალურ ბირთვულ ომში, – ამის შესახებ ვაშინგტონში მდებარე „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ (Arms Control Association) დირექტორმა – დერილ კიმპბელმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ბირთვული აფეთქების შემთხვევაში, რადიაციის დონის განსაზღვრა ძალიან რთულია.

„ბირთვულ აფეთქებას შეუძლია განსხვავებული რაოდენობით მტვრისა და კვამლის გამოწვევა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ხმელეთიდან რა მანძილზე მოხდება აფეთქება. ამიტომაც რადიაციის დონის განსაზღვრა ძალიან რთულია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბირთვულ აფეთქებას მოსდევს ისეთი სიმძლავრის ეფექტი, რომელიც გაცილებით აღემატება ქარიშხლის ეფექტს, ასევე, უზარმაზარი სითბური ეფექტი, რაც იწვევს ხანძარს. თუ აფეთქება ხმელეთთან ახლოს მოხდა, ამას შეიძლება, მოჰყვეს ხანძრის ქარიშხალი, რაც გაანადგურებს ყველაფერს – შენობებს, ტყეს… ამ ყველაფრის შემდეგ კი იქნება რადიაციის ეფექტი, რომელიც აფეთქების ადგილიდან ძალიან შორს გავრცელდება. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქარის მიმართულებაზე. ზუსტი შედეგების დასახელება ძალიან რთულია.

კიდევ ერთს დავამატებდი, რომ თუ პუტინი მიიღებს უგუნურ გადაწყვეტილებას, გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ცხადია, ის დადგება ნატო-სა და აშშ-ის კონფლიქტში ჩართვის საფრთხის წინაშე და ასევე, ამას შეიძლება მოჰყვეს ბირთვული პასუხი აშშ-ისგან. პირადად მე ამისი წინააღმდეგი ვარ. ჩემი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამაზე არც კი ფიქრობს. არსებობს ბევრი სხვა ვარიანტი, რომელიც კონვენციური შეიარაღების გამოყენებას მოიცავს, მაგრამ თუ მოსკოვსა და აშშ-ს შორის ბირთვული დაპირისპირება მოხდება, მაშინ არ არსებობს გარანტია, რომ ეს არ გადაიზრდება გლობალურ ბირთვულ ომში. რუსეთსა და აშშ-ს აქვთ 1 400-ზე მეტი ბირთვული „ქობინი“, რომელთა სიმძლავრე ტაქტიკურ ბირთვულ „ქობინებზე“ მეტია და მათი გამოყენება შეიძლება შორ მანძილზე. ეს კი ნიშნავს გლობალურ განადგურებას. პუტინიც და ბაიდენიც ხვდებიან, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარება შესაძლებელია“, – განაცხადა კიმპბელმა.

მისივე თქმით, რუსეთის ბირთვულ არსენალში არსებული იარაღის სიმძლავრე შეადგენს 10 კილოტონა ტროტილის ექვივალენტს. მაგალითისთვის, იმ ბომბის სიმძლავრე, რომელმაც ჰიროშიმა გაანადგურა 1945 წლის აგვისტოში, 15 კილოტონა ტროტილის ექვივალენტი იყო.

„ბირთვული იარაღით მუქარა დაუშვებელია. რუსეთის სახელმწიფოს საფრთხე არ ემუქრება. პუტინი აშკარად სასოწარკვეთილია, რადგანაც უკრაინაში სამხედრო კუთხით რუსეთის მდგომარეობა გაუარესებულია. პუტინს იმედი აქვს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით დააშინებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და კიევის მოკავშირეებს თეორიულად. რუსებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად რამდენიმე საათი დასჭირდებათ. ეს დრო საჭიროა ბირთვული „ქობინების“ გაშვების ადგილზე, ფრონტის ხაზზე ან ავიაგამანადგურებელთან მისატანად. დიდი ალბათობით, ამას დააფიქსირებს აშშ-ის დაზვერვა. თუმცა, დარწმუნებით ამას ვერ იტყვი. რა შესაძლებლობები აქვს აშშ-ის ასეთი დარტყმის შესაჩერებლად, არ ვიცი, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ძალიან სარისკო იქნება და შესაძლოა ამერიკელი და რუსი სამხედროების დაპირისპირება გამოიწვიოს.

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანების გაცემის უფლებამოსილება პუტინს აქვს. ოფიცრები კი ამ განკარგულებას უბრალოდ შეასრულებენ. აქვე აღვნიშნავდი, რომ როგორც პუტინს, ისე ბაიდენსაც აქვთ უფლებამოსილება, გასცენ ბრძანება სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების გამოყენების შესახებ, რასაც უფრო მცირე დრო სჭირდება. კონკრეტულად კი, შორ მანძილზე მოქმედი ბირთვული იარაღის გასაშვებად 20 წუთზე ნაკლებია საკმარისი. ეს რაკეტები რუსეთის ან აშშ-ის ტერიტორიას დაახლოებით 30 წუთში მიაღწევენ“, – განაცხადა დერილ კიმპბელმა.

„შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ პუტინისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება აზრს მოკლებულია.

„ჩემი გათვლებით, თუნდაც მცირე რაოდენობით ასეთი შეიარაღების გამოყენების შედეგად, პუტინს თავს დაატყდება ყველაფერი ის, რისი თავიდან აცილებაც სურდა. ესენია – საერთაშორისო იზოლაცია, შიდა უთანხმოება. ჩინეთი და ინდოეთი, რომლებსაც ის მოკავშირეებად მიიჩნევს, ზურგს შეაქცევენ და ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ რაიმე ფორმით ნატო-ს ან აშშ-ის ჩართვას ომში, რისი თავიდან არიდებაც იყო პუტინის ბირთვული მუქარის მიზანი“, – განაცხადა კიმპბელმა.

ვაშინგტონში მდებარე „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორთან ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.

1tv.ge