საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. „დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს“, – განაცხადა ქართულმა ოცნებამ 1 ოქტომბერს, 2012 წელს, პარტიის ხელისუფლებაში მოსვლიდან 10-წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
მმართველი პარტიის განცხადებით, სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“.
„საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობის თითოეულ ოჯახამდე მიტანა არის ის ოცნება, რომლის გარშემოც ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა დაფუძნდა. გვჯერა, რომ თითოეული პატრიოტი ქართველის ეს ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ქართული ოცნების თქმით, სწორედ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება, ასევე ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის მტკიცე დაცვა, სამშობლოსა და ეკლესიის სიძლიერეზე ზრუნვა არის ის უმთავრესი პრინციპები, რომლებსაც მათი საქმიანობა მომავალშიც დაეფუძნება.
მმართველი პარტიის განცხადებით, ქართველმა ხალხმა, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ზუსტად 10 წლის წინ გაიმარჯვა იმ „დანაშაულებრივ, ავტორიტარულ რეჟიმზე“, რომელიც ყველა ზემოხსენებულ ფასეულობასა და პრინციპს „ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა“.
ქართული ოცნება ქვეყნის წინაშე არსებულ „უდიდეს გამოწვევებზეც“ ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ „ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა სირთულეს ღირსეულად დავძლევთ“.