საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. დასავლეთის მედიის ცნობით, აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ აშშ ამ ეტაპზე ნატოში უკრაინის დაჩქარებული შესვლის საჭიროებას ვერ ხედავს.
ნატოს კარი ღიაა, მაგრამ "ახლა უფრო მნიშვნელოვანია", სალივანის თქმით, "უკრაინისთვის ადგილზე დახმარების გაწევით მხარდაჭერა". გაწევრიანების პროცესი სხვა დროს უნდა იქნეს განხილული, თვლის აშშ.
გამოცემა Politico წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადება ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი იყო. Politico იმოწმებს ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომლის ვინაობა არ ვრცელდება.
გამოცემა განმარტავს, რომ ვაშინგტონისთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ არის მარტივი თემა, ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი თავის წევრებს ავალდებულებს, მისი ნებისმიერი წევრის მიმართ აგრესიას უპასუხოს.
Politico-ს კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ნატოში უკრაინის შესვლას, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ უარი თქვა, ცალსახად მხარი დაეჭირა დაჩქარებული შესვლის წინადადებისთვის, მაგრამ გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს კიევის „უსაფრთხოების გარანტიას“.
უფრო ადრე, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეო, სადაც იუწყება, რომ აპირებს განცხადება შეიტანოს „ნატოში სწრაფი შესვლის შესახებ“. ეს იყო ზელენსკის რეაქცია უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიაზე.
ნატოს გენერალური მდივანი თავშეკავებით შეხვდა ზელენსკის განცხადებას. იენს სტოლტენბერგმა ზელენსკის განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ ნატოს კარი ღიაა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მაგრამ ჯერჯერობით ნატოს მთავარი ამოცანაა უკრაინის მხარდაჭერა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნატო არ არის რუსეთთან ომის მონაწილე.
ნატოში უკრაინის დაჩქარებული შესვლის მხარდაჭერა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ასევე კანადამ გამოხატეს. გერმანიამ თავშეკავებული პოზიცია დაიკავა.
ომის დაწყებამდე ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის უარის თქმა, რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველ კვირებში მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა ალიანსში გაწევრიანებაზე უკრაინის უარის თქმის შესაძლებლობა კავშირში უსაფრთხოების გარკვეული გარანტიების სანაცვლოდ.
მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია. ალიანსში გაწევრიანებას მხარი უნდა დაუჭიროს ნატოს 30-მა წევრმა.
ახლა მიმდინარეობს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებისთვის მხარდაჭერის პროცესი.
საქინფორმი