პუბლიკაციები
ვლადიმერ პუტინი - დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური კრება მხარს დაუჭერს კანონებს რუსეთის შემადგენლობაში 4 ახალი რეგიონის მიღების შესახებ, რადგან ეს არის მილიონობით ადამიანის ნება

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. რეფერენდუმები ჩატარდა და ადამიანებმა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში გააკეთეს თავისი არჩევანი, თავისი ცალსახა არჩევანი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონებს რუსეთის ფედერაციისთვის ახალი ტერიტორიების შეერთების შესახებ.

”დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური კრება მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ კანონებს რუსეთში ოთხი ახალი რეგიონის, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოთხი ახალი სუბიექტის მიღების შესახებ, რადგან ეს არის მილიონობით ადამიანის ნება და ეს, რა თქმა უნდა, არის მათი უფლება, მათი განუყოფელი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების პირველ მუხლში“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის ლიდერი ახალ რეგიონებს მხარდაჭერასა და დახმარებას დაჰპირდა.

„დონეცკსა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მცხოვრები ადამიანები სამუდამოდ გახდებიან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ უზრუნველვყოფთ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უსაფრთხოებას, დავეხმარებით მათ ინფრასტრუქტურის აღდგენაში“, - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, კიევმა პატივი უნდა სცეს დონეცკსა და ლუგანსკის, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მოსახლეობის არჩევანს, რადგან ეს არის ერთადერთი გზა მშვიდობამდე. უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან მიერთების ცერემონიაზე დასასწრებად კრემლის გეორგიევსკის დარბაზში რუსეთის პრეზიდენტის გარდა იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რუსეთის პარლამენტის წევრები და სხვა ოფიციალური პირები.

შეგახსენებთ, უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, რგიონების მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ყალბი და უკანონო „რეფერენდუმების“ შედეგებს არ აღიარებენ.