საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთიდან დევნილ ლია დარცმელიასთან, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, სახელმწიფომ არანაირი ყურადღება არ მიაქცია, დღემდე არ აქვს საცხოვრებელი ფართი და არ აუღია დევნილთათვის განკუთვნილი კომპენსაცია. ლია დარცმელიას ინვალიდი შვილი ჰყავს, რომელსაც კუთვნილი პენსიაც კი მოუხსნეს და დღეს მას მხოლოდ დევნილებისთვის განკუთვნილი მიზერული ყოველთვიური ფულადი დახმარებით და ახლობლების წყალობით გააქვს თავი.
– აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ საცხოვრებლად თბილისში რომ წამოხვედით, მთავრობამ უზრუნველგყოთ დროებითი თავშესაფრით?– დიახ, გლდანში, ქერჩის ქ. №22-ში, სკოლა-ინტერნატში მომცეს თავშესაფარი. მოგვიანებით ჩემი შვილი სამკურნალოდ მოსკოვში წავიყვანე და როდესაც დავბრუნდი, ჩემი ოთახი სხვა დევნილს ჰქონდა დაკავებული. რაკი მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, ვერ გამოვუშვი. ამის გამო დედაჩემთან მომიხდა გადასვლა, რომელიც, ასევე, კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე 15კვ მ ფართში ცხოვრობს. 2006 წელს მოსკოვში კვლავ მომიწია წასვლამ, რადგან აქ სამუშაო ვერ ვნახე. ქვრივი ვარ და ჩემს შვილებს რჩენა უნდოდათ. თბილისში დაბრუნებულს ვინმე გიზო გარუჩავამ დამირეკა, რომელიც ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი გახლდათ და მითხრა, რომ გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში დევნილებს ფართს აძლევდნენ. მე უკვე ვმუშაობდი და ვთხოვე, მეორე დღეს შევხვედროდი, რომ სამსახური არ დამეკარგა. მე შენ დევნას ვერ დაგიწყებო, – მითხრა. მეორე დღეს კი აღმოჩნდა, რომ ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა.
სამ ოჯახს იმ შენობაში კარგად გარემონტებული კომფორტული ფართი მისცეს და დაუკანონეს, მე კი ისევ ქუჩაში აღმოვჩნდი.
შემდეგ დავუკავშირდი ბესიკ წერედიანს (საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მაშინდელი მინისტრის მოადგილე), რომელმაც მირჩია, განცხადება მის სახელზე დამეწერა. ასეც მოვიქეცი, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. როგორც კი მინისტრად კობა სუბელიანი დანიშნეს, დავურეკე და ველაპარაკე. მანაც იგივე მითხრა – მის სახელზე განცხადება დამეწერა, თუმცა ჩემი პრობლემა, როგორც ჩანს, ყურადსაღები არც მისთვის აღმოჩნდა – 4-5-წლისწინანდელ განცხადებას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. რამდენიმე თვეს ქირითაც ვიცხოვრე.
ერთხელ ერთ-ერთ კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე, ახლობლის რჩევით, თავისუფალი ფართი დავიკავე. მალე აღმოჩნდა, რომ იქ 12 დევნილი ოჯახი უნდა შეესახლებინათ და მე ზედმეტი ვიყავი. მოვიდნენ სამინისტროს წარმომადგენლები და გამოგვყარეს – „ვინ არის ეს მეცამეტე გოჭი“, – სწორედ ამ სიტყვებით გამომიშვეს იქიდან.
– სუბელიანის უწყების გარდა, დახმარების თხოვნით მიმართეთ ვინმეს?
– რამდენიმე თვის წინათ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის, ვიცე-სპიკერების – მიხეილ მაჭავარიანისა და რუსუდან კერვალიშვილის, ასევე, „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერ გიორგი თარგამაძის სახელზე განცხადებები დავწერე. ვთხოვდი მათ, ან კომპენსაცია მოეცა ჩემთვის სახელმწიფოს, ან ფართით დავეკმაყოფილებინე.
კერვალიშვილმა და მაჭავარიანმა ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებებით მიმართეს ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების მიზნით და შემდეგ პასუხიც უნდა გაეგზავნათ დეპუტატებისთვის, თუმცა – უშედეგოდ.
რაც შეეხება თარგამაძეს, როგორც აღმოჩნდა, ჩემი თხოვნა როგორც მისთვის, ისე მისი ფრაქციისთვის გაუგებარი აღმოჩნდა – კონკრეტულად რას ითხოვთო, მკითხეს. მე კი ვითხოვდი ან ფართს, ან კომპენსაციას. რა არის ამაში გაუგებარი?!.
– პარლამენტში განცხადებების შეტანას მოჰყვა რეაგირება – რამე გაეთვალისწინებინა სუბელიანს?
– არანაირი. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან აბსოლუტურად არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მხოლოდ ის მითხრეს, რომ მეკუთვნის ორი ოთახი. მათ გარდა, ბარამიასა და ბობოხიძესთან შესვლასაც ვცდილობდი, თუმცა შედეგს ვერც ამ შემთხვევაში მივაღწიე.
არის კიდევ ერთი პრობლემა – შესაძლოა, დევნილები იმ ადგილიდანაც გაასახლონ, სადაც ამჟამად დედაჩემი ცხოვრობს. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ქუჩაში აღმოვჩნდებით. შეიძლება დაინგრეს კიდეც ის სახლი, რადგან ავარიულია.
აგვისტოს ბოლომდე დაველოდები, თუ არანაირად არ დამაკმაყოფილეს, სოხუმში წავალ! როგორც ჩანს, იქ ბევრად მეტი პერსპექტივა მაქვს, ვიდრე აქ.
მე ჩავედი სოხუმში. იქ ყველამ იცის, რომ ჩემი ოჯახის წევრებს ომი დროს ხელში იარაღი არ აუღიათ და ეს იმდენად დიდი პლუსია, იქ ცხოვრებას არავინ დამიშლის. ჯერ მე წავალ, მერე კი ჩემს შვილებს წავიყვან და იქ ვიცხოვრებ!
– რომელიმე რაიონში თუ შემოგთავაზეს ფართი? ასეთი შეთავაზება ბევრი იყო და დევნილების უმეტესობა მათზე უარს ამბობდა...
– მე გარდაბანში, მარნეულში, ფოცხოში თუ სხვა რაიონში ვერ წავალ, რადგან უკვე ოცი წელია, აქ ვცხოვრობ. ისეთ სოფლებში წასვლას, სადაც ოჯახს ვერ ვარჩენ და თავს ვერ გავიტან, აფხაზებთან ცხოვრება მირჩევნია.
– როგორც ახსენეთ, შვილი სამკურნალოდ წაიყვანეთ მოსკოვში. აქ ვერ შეძელით მისი მკურნალობა?
– დიახ, წავედი, რადგან აქ ვერ ვუმკურნალე. ჩემს შვილს ინვალიდის პენსია ჰქონდა, თუმცა ისიც მოუხსნეს. არ ვიცი, რატომ... სკოლაში დადის... ნუთუ ესაა პენსიის მოხსნის მიზეზი?! არადა, ეკუთვნის.
– რაც შეეხება კომპენსაციას, დევნილები პრივატულ საუბრებში ამბობენ, რომ, კომპენსაციის აღების შემთხვევაში, მათ სამინისტროს წარმომადგენლებთან თანხის გარკვეული ნაწილის დატოვება უწევთ...
– დიახ, ნამდვილად ასე ხდება... დაზუსტებით ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ აკეთებს ფულს ამით, თუმცა ვიმეორებ, სამწუხაროდ, ეს სრული სიმართლეა!
ესაუბრა ლევან სულაშვილი
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“