აქტუალური
კვლევა: ბიზნესის 62% ამბობს, რომ მათ საქმიანობაზე რუსეთ-უკრაინის ომმა უარყოფითი გავლენა მოახდინა

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ (BAG) მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც 2022 წლის II კვარტალში ბიზნესკლიმატზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას ასახავს, გამოკითხული კომპანიების 62% ამბობს, რომ ომმა ან/და რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მათ საქმიანობაზე უარყოფილი გავლენა მოახდინა.

კვლევა, რომელიც კვლევითმა ცენტრმა PMCG-მ ჩაატარა იმ 91 კომპანიაში ჩაატარა, რომლებსაც BAG-ი აერთიანებს. მათ შორის არიან ბიზნესსექტორის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიცაა: ნავთობკომპანიები (სოკარი, გალფი, ლუკოილი); ბანკები („თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „ბანკი ქართუ“); „საქართველოს რკინიგზა“; საკომუნიკაციო კომპანიები; სააფთიაქო ქსელები; სამშენებლო კომპანიები და სხვ.

ამასთან, 12% ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტორებს მათ საქმიანობაზე ძალიან უარყოფითი გავლენა ჰქონდა, 22%-ის აზრით კი – რუსეთ-უკრაინის ომს ან/და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მათ ბიზნესსაქმიანობაზე გავლენა არ ჰქონია. მხოლოდ 3%-მა თქვა, რომ ამ პროცესებს დადებითი გავლენა ჰქონდა.

კვლევის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომს ან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ყველაზე უარყოფითი გავლენა სავაჭრო სექტორზე ჰქონდა. სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 71%-მა თქვა, რომ მათ საქმიანობაზე გავლენა უარყოფითი იყო, 11%-მა კი – აღნიშნა, რომ ძალიან უარყოფით.

ყველაზე ნაკლები უარყოფითი გავლენა მომსახურების სექტორში აღმოჩნდა. გამოკითხულთა 61%-ისთვის გავლენა უარყოფითი იყო. 4%-ისთვის კი – ძალიან უარყოფითი.

გამოკითხული კომპანიების 72%-მა ყველაზე ხელისშემშლელ ფაქტორად მსოფლიო ბაზარაზე წარმოქმნილი ლოჯისტიკური პრობლემები დაასახელა; 56%-მა შუალედურ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, 48%-მა – უკრაინასთან შეჩერებული ექსპორტ-იმპორტი, 39%-მა კი – რუსეთთან გართულებული სავაჭრო ურთიერთობები.

ვაჭრობის სექტორში ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელ ომით გამოწვეულ ფაქტორებს შორის, ყველაზე ხშირად, მსოფლიო ბაზარზე წარმოშობილი ლოჯისტიკური პრობლემები დასახელდა (90%), ყველაზე იშვიათად კი – გართულებული სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან (41%).

ყველაზე ხშირად დასახელებული ფაქტორი მსოფლიო ბაზარზე წარმოქმნილი ლოჯისტიკური პრობლემები (57%) აღმოჩნდა მომსახურების სფეროშიც, ყველაზე იშვიათად კი – რუსეთთან გართულებული სავაჭრო ურთიერთობები (33%).

რაც შეეხება მშენებლობის სექტორს, ყველაზე ხელშემშლელ ფაქტორად შუალედურ პროდუტებზე გაზრდილი ფასები (78%) და მსოფლიო ბაზარზე წარმოშობილი ლოჯისტიკური პრობლემები (78%) დასახელდა, იშვიათად – გართულებული სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან (33%).

მრეწველობის სექტორში, ყველაზე ხშირად დასახელებული დამაბრკოლებელი ფაქტორი უკრაინასთან შეჩერებული იმპორტ-ექსპორტია (82%), ხოლო შედარებით იშვიათად დასახელებული ფაქტორებია – შუალედურ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები (55%) და გართულებული სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან (55%).

2022 წლის II კვარტალში გამოკითხულ იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის რუსეთთან გართულებული სავაჭრო ურთიერთობები დაასახელეს, ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზად, ყველაზე ხშირად, ფულადი ანგარიშსწორების პრობლემა დააფიქსირეს (68%). შემდეგია გართულებული ლოჯისტიკა, მათ შორის, ტვირთის დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემები (58%) და რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები (39%).

რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გართულების შესაძლო განმაპირობებელ ფაქტორებს შორის, კომპანიებმა ყველაზე იშვიათად, რეპუტაციული პრობლემები (26%) და სავაჭრო პარტნიორების სანქცირებულთა სიაში მოხვედრა (19%) დაასახელეს.

საანგარიშო პერიოდში, გამოკითხული კომპანიების ძირითადი ნაწილი (46%) ფიქრობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ან/და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მოკლევადიან პერიოდში მათი პროდუქციის/მომსახურების ფასებზე გავლენა არ ექნება. გამოკითხულთა 39% კი ფასების ზრდას ვარაუდობს, ხოლო 3%-ის აზრით ფასები ძალიან გაიზრდება.

სექტორებს შორის, ფასების ზრდის მოლოდინი განსაკუთრებით მაღალია ვაჭრობის (52%-ის აზრით ფასები გაიზრდება) და მშენებლობის (45%) სექტორებში, ყველაზე დაბალი კი – მომსახურების სექტორში (35%).

გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა (85%) ფიქრობს, რომ მოკლევადიან პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომს ან/და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მათ კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობაზე გავლენა არ ექნება. გამოკითხულთა მხოლოდ 8% ვარაუდობს შემცირებას, ხოლო 1% ძალიან შემცირებას.

სექტორებს შორის, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორში მოელიან (28%-ის აზრით მოკლევადიან პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება), ხოლო ყველაზე ნაკლებად ვაჭრობის სექტორში (3%).

იმ კომპანიებს შორის, რომლებსაც მოკლევადიან პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების მოლოდინი აქვთ, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება უმრავლესობისთვის (67%) 1-20%-ს შორის მერყეობს, 25%-ისთვის აღნიშნული შუალედი 21-40%-ია, ხოლო 11%-ისთვის 41-60%. დასაქმებულთა რაოდენობის 60%-ზე მაღალ კლებას არცერთი გამოკითხული კომპანია არ ვარაუდობს.

იმ კომპანიებიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ომმა ან/და სანქციებმა მათ საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა იქონია, 34% მიიჩნევს, რომ ომამდე არსებულ მდგომარეობამდე მისაღწევად 1-2 წელი დასჭირდებათ. 27%-ის აზრით, აღდგენისთვის 1 წელზე ნაკლებია საჭირო.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ კომპანიათა ნაწილისთვის (33%) მდგომარეობა ახლაც სტაბილურია.

სექტორებს შორის, სტაბილურობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ვაჭრობის სექტორში (48%), ხოლო ყველაზე დაბალია მრეწველობის სექტორში (მხოლოდ 11% მიიჩნევს, რომ მათი კომპანიის მდგომარეობა ახლაც სტაბილურია). ამასთან, მშენებლობის სექტორში გამოკითხული კომპანიებიდან არცერთი მიიჩნევს, რომ ომამდელ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად 2 წელზე მეტია საჭირო.