დღეს ჩვენს საზოგადოებას თვითჩამოყალიბების უმძიმესი დრო უდგას. მოზარდთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები შემაშფოთებელია.
თანატოლის დატერორება, სისასტიკე თითქმის ყოველდღიური მოვლენა გახდა. მასმედია ამაზე ბევრს საუბრობს. მოზარდთა შორის ძალადობისა და დანაშაულებათა ტალღა ყოველდღიურად იზრდება, რაც ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის უკვე ჭეშმარიტ უბედურებად იქცა.
მოზარდთა დანაშაულის ზრდას, სოციალური ფენის კუთვნილების გარდა, ხელს უწყობს ის ფილმები და კომპიუტერული თამაშები, რომლებიც ბევრმა ქვეყანამ უკვე აკრძალა. ბავშვში, რომელიც მუდმივად განიცდის ძალადობას ან ძალადობის ელემენტების შემცველმა თამაშებმა კომპიუტერს მიაჯაჭვა, გროვდება რისხვა, აგრესია, რომელიც თანატოლებზე გადააქვს. ბავშვი არ ფიქრობს ძალადობის შედეგებზე, შეიძლება, ამას ჯერ ვერც აცნობიერებს.ფსიქოლოგების აზრით, როდესაც მოზარდი თამაშობს ძალადობის ელემენტების შემცველ კომპიუტერულ თამაშს, აგრესიული ემოციები ვერ პოულობს გამოსავალს, პირიქით, გროვდება და იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე პრობლემა აწუხებს, ვინმემ აწყენინა, მისი აგრესია კომპიუტერული თამაშის ვირტუალური გმირებისკენ კი არ წარიმართება, რეალურად მოქიშპის მიმართ დაგროვდება, რაც მას უფრო აღაგზნებს და აგრესიულს გახდის მის მიმართ.
ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის მქონე მოზარდები საზოგადოებამ და ოჯახმა ამ მხრივ კომპიუტერს უნდა მოსწყვიტოს, გაიგონ მათი მისწრაფებები და რეალურ სამყაროში უნდა შესთავაზონ სრულფასოვანი გართობა და საქმიანობა.
განსაკუთრებით, კორპუსებში მცხოვრები ოჯახებისთვის უფრო თვალნათელია ბავშვების ყოველდღიური ქცევა ეზოში, რომლებიც გასართობ თემას რეალური ცხოვრებიდან იღებენ.
რას შეეხება სოციალურ ქსელ „facebook“-სა და „youtube“-ზე ამ დღეებში გავრცელებულ ვიდეოს: ეზოში მოთამაშე ბავშვები, მუყაოს ყუთებით ჯავშანშემოსილი და მუყაოსავე ყუთების ჩაჩქნებით პლასტმასის ბოთლებით ერთმანეთს დასდევენ. „თამაშის დროს ზუსტადაა გამეორებული ის ტექნიკა, რაც 26 მაისს სპეცნაზმა გამოიყენა, ჩემი აზრით, იმ გავლენის შედეგია...“ „თქვენი აზრით, ეს ვიდეო წარმოადგენს იმიტირებულ თამაშს თუ მოზარდის ცნობიერების არასწორი ჩამოყალიბების საფრთხეს, ან კიდევ სხვა ვერსიას, რომელსაც თქვენ დაასახელებთ... რაც იმ დღეებში მოზარდის ფსიქიკას მიადგა...“ – ვკითხულობთ კომენტარებში. ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ კი მეტად დიდი დაფიქრება გვმართებს, რადგან მოზრდილები კვლავ განაგრძობენ წაქცეული პატარას, რომელიც ღრიალებს – „მტკივააა!!!“ – ბოთლებით ცემას, სანამ უფროსები არ ჩაერევიან... უფროსები, რომლებმაც „გასართობი“ ვიდეოს გადაღებითა და გავრცელებით დიდი სამსახური გაუწიეს საზოგადოებას, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს; საზოგადოებას, რომლის საპატიო ასაკის ინტელიგენცია „ჩარეცხილია“, თაობები – დათრგუნული და გაუბედურებული, მომავალი თაობა კი...