საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გმობს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.